საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-დან 2.7%-მდე, ხოლო 2017 წლის პროგნოზი 5.2%-დან 4%-მდე შეამცირა. ფონდის 2017 წლის პროგნოზი საქართველოს მთავრობის პროგნოზს – 4%-ს ემთხვევა, ხოლო 2016 წლის პროგნოზი განსხვავებულია, საქართველოს მთავრობა წელს 3%-იან ზრდას მოელის. უკვე ცნობილია, რომ იანვარ-სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 2.6% შეადგინა, რაც სავალუტო ფონდის პროგნოზს უფრო რეალურს ხდის.
სავალუტო ფონდის პროგნოზით 2016 წელს საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 2% იქნება, ხოლო 207 წელს 3%. საქართველოს მთავრობის პროგნოზით წელს 5%, ხოლო 2017 წელს 4%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. თუმცა, იანვარ-ოქტომბერში დაფიქსირებული დაბალი ინფლაციიდან გამომდინარე, წლიური 2%-იანი ინფლაცია უფრო რეალურია.
საქართველოს მთავრობის განახლებული ეკონომიკური პროგნოზები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როცა მთავრობა პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს შეიტანს.