Paramount-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „Scream VI“-ის შემოსავალმა ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში დებიუტისას, გასული პარასკევიდან კვირის ჩათვლით, $44.5 მილიონი შეადგინა. ნაჩვენებმა შედეგმა კინოს ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა და უფრო მეტიც, ფრენჩაიზის ფილმებს შორის რეკორდული აღმოჩნდა.
Variety-ის თანახმად, კინოს ექსპერტები „Scream VI“-ის მიერ საშინაო დებიუტისას 35-დან 40 მილიონ აშშ დოლარამდე შემოსავლის მიღებას ელოდნენ.
Paramount-ის ცნობით, „Scream“-ის მეექვსე ნაწილის გადაღება 33 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. მისივე განცხადებით, ფილმმა ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ გასულ უიკენდზე ბილეთების გაყიდვით $22.6 მილიონის შეგროვება შეძლო. მთლიანობაში კი „Scream VI“-ის შემოსავალი მოცემული დროისთვის $67.1 მილიონს შეადგენს.
„Scream“-ის სხვადასხვა ნაწილის მიერ საშინაო დებიუტისას მიღებული შემოსავალი:
- Scream VI – $44.5 მილიონი
- Scream III – $34.7 მილიონი
- Scream II – $32.9 მილიონი
- Scream (არაოფიციალურად Scream V) – $30 მილიონი
- Scream IV – $18.6 მილიონი
- Scream – $6.3 მილიონი