სებ-ი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებას და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს

სებ-ი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებას და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათი გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყება.

ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20-გრამიანი და 1კგ-იანი ნომინალის იქნება. ოქროს სერტიფიკატების შეძენა კომერციულ ბანკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო 20-გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდების შეძენას მომხმარებლები ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაც – www.MoneyMuseum.nbg.gov.ge – შეძლებენ. რაც შეეხება 1 კგ-იანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენას, ის მხოლოდ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრებში იქნება ხელმისაწვდომი.

“ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.” – აღნიშნავს ბანკი გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, ელექტრონული ფორმით არსებობს და გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. სებ-ის ინფორმაციით, გაყიდვაში დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის მიერ დამზადებული მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდები ჩაეშვება.

სერტიფიკატის მფლობელს მისი მეორედ ბაზარზე გაყიდვასთან ერთად, მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება შეუძლია. ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება/დადგინდება.