აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს Twitter-ის შეძენის საქმეზე უჩივის და მისგან ჩვენების მიცემას ითხოვს. ილონ მასკმა სოციალური მედიის გიგანტი $44 მილიარდად გასული წლის ოქტომბერში შეისყიდა.
გამოძიება, რომელიც SEC-სა და მასკს შორის უკვე არსებულ ხანგრძლივ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამძაფრებს, მილიარდერს 2022 წელს, Twitter-ის აქციების შეძენისას ფედერალური კანონმდებლობის დარღვევას ედავება. კომისიის განცხადებით, SEC-ის სან-ფრანცისკოს ოფისში ჩვენების მისაცემად მასკი 2023 წლის მაისში გამოიძახეს, მილიარდერი 15 სექტემბერს გამოცხადებაზე დათანხმდა, თუმცა შემდგომ გამოკითხვაზე უარი განაცხადა.
თავის მხრივ, გამოკითხვაზე არგამოცხადების მიზეზებს შორის მასკმა SEC-ის მხრიდან მისი „შევიწროების“ მცდელობა დაასახელა და კომისიას განუცხადა, რომ მის ადვოკატებს დრო სჭირდებოდათ იმ მასალების შესასწავლად, რომელთაც გასულ თვეში გამოქვეყნებული მასკის ბიოგრაფიული წიგნი შეიცავდა. SEC-ის ინფორმაციით, მილიარდერი არც ტეხასში, ოქტომბერსა და ნოემბერში, გამოკითხვის დანიშვნას არ დასთანხმდა.
წარდგენის თანახმად, მასკმა SEC-ს გამოძიებასთან კავშირში არსებული დოკუმენტები გადასცა, გასული წლის ივლისში კი ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩვენებაც მისცა. თუმცა, როგორც SEC-ი პრესრელიზში აღნიშნავს, ის ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ ფლობს, თუმცა კავშირშია მის ლეგიტიმურ და კანონიერ გამოძიებასთან.
ბოლო მონაცემებით, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, SpeceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის ქონება $259.6 მილიარდს უდრის.