ცნობილი გახდა, რომ Meta-ს ოპერაციულმა დირექტორმა, შერილ სენდბერგმა, შემოდგომაზე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სენდბერგი კომპანიაში აღნიშნულ პოსტს 2008 წლიდან იკავებდა – Facebook-ის უნივერსალურ სოციალურ ქსელად გადაქცევა სწორედ მის სახელს უკავშირდება, რადგან ის კომპანიის ყველაზე გავლენიან აღმასრულებლად მიიჩნეოდა, მარკ ცუკერბერგის შემდეგ. უნდა ითქვას, რომ შერილ სენდბერგი Meta-ს ბოლომდე არ სცილდება – ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად რჩება.
შერილ სენდბერგის გადადგომას მარკ ცუკერბერგი Facebook-ში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ერის დასასრული იყო. „2008 წელს შერილი რომ შემომიერთდა, ოცდასამი წლის ვიყავი და თითქმის არაფერი ვიცოდი კომპანიის მართვის შესახებ. Facebook-ის ვებგვერდის სახით მშვენიერი პროდუქტი შევქმენით, მაგრამ ბიზნესი მოგებიანი არ იყო და სტარტაპიდან რეალურ ორგანიზაციამდე განვითარება გვიჭირდა. შერილმა ჩვენი სარეკლამო ბიზნესი შექმნა, დიდებული ადამიანები დაიქირავა, კორპორაციული კულტურა გამოძერწა და კომპანიის მართვა მასწავლა. მან მსოფლიოს გარშემო არსებულ მილიონობით ადამიანს შესაძლებლობები შეუქმნა და საერთოდ, მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის Meta-ს იმ სახით ჩამოყალიბებაში, როგორიც დღეს არის“, – ვკითხულობთ ცუკერბერგის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ Meta-ს, მაშინ კი Facebook-ს, შერილ სენდბერგი 2008 წელს შემოუერთდა, როცა 23 წლის მარკ ცუკერბერგი კომპანიის აქციების პირველადი განთავსებისთვის ემზადებოდა. სწორედ სენდბერგს უკავშირდება Meta-ს ზეწარმატებული სარეკლამო ბიზნესის შექმნა, რომელმაც კომპანიის კოლოსალური ზრდა განაპირობა. Facebook-ში გადმობარგებამდე, ის Google-ში მუშაობდა, სადაც ექვსი წლის განმავლობაში კომპანიის ონლაინგაყიდვების არხს ავითარებდა.
„მარკს პირველად რომ შევხვდი სამსახურს არ ვეძებდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ როგორ შეცვლიდა ეს შეხვედრა ჩემს ცხოვრებას. ერთმანეთს დენიელ როზენსვაიგის წვეულებაზე შევხვდით. მარკი სახლში შესვლისთანავე გამაცნეს და უმალ Facebook-ის მისეულ ხედვაზე დავიწყეთ ლაპარაკი. The Facebook-ი მანამდეც გამომიყენებია – მაშინ მას სწორედ ასე ერქვა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ინტერნეტი მაინც ძალზე ანონიმური სივრცე იყო, რომელშიც სასაცილო სურათების პოვნა იყო შესაძლებელი. მარკის ხედვა, რომ ადამიანები საკუთარ თავს ონლაინსივრცეში გამოამჟღავნებდნენ სხვა ადამიანებთან დაკავშირების მიზნით იმდენად მომხიბვლელი იყო, მთელი საღამო კართან ვიდექით და ვსაუბრობდით“, – იხსენებს შერილ სენდბერგი Facebook-ში გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ პოსტში.
აღსანიშნავია, რომ შერილ სენდბერგის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ Meta-ს ოპერაციული დირექტორის პოსტს ხავიერ ოლივანი დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე კომპანიის ზრდის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.