ევროპა პირველ ნაბიჯებს დგამს ცხოვრების ჩვეული რიტმის დასაბრუნებლად. ქვეყნების ნაწილმა უკვე დაიწყო საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქება მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების ტემპი შემცირდა.
მაგალითად, ვიზიტორებისთვის გერმანიის “ჯაშუშობის მუზეუმის“ კარი კვლავ გაიღო, რომის ცენტრში კი სხვადასხვა სერვისები აღდგა. ვენაში გაიხსნა სილამაზის სალონები, სადაც თმებშესაჭრელთა რიგი დადგა. ასევე მოსწავლეები უბრუნდებიან სკოლებს ფინალური გამოცდების ჩასაბარებლად.
შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და სხვა ქვეყნებში, რაც ევროპას ჩვეულ სიცოცხლეს უბრუნებს. თუმცა, ეს პროცესი ნელი და ნაკლებად დინამიკურია. შეზღუდვების ნაწილი რამდენიმე კვირა და შესაძლოა რამდენიმე თვეც ძალაში დარჩეს.
ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ წარმოდგენილი ყველაზე მსუბუქი სცენარის მიხედვით, ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წელს 5%-ით შემცირდება.
“ჩვენ ვიქნებით ბედნიერი იმის მეოთხედიც რომ გამოვიმუშაოთ, რასაც ვირუსამდე პერიოდში ვიღებდით“, – აღნიშნა რომში ერთ-ერთი ბარის მფლობელმა სტეფანო კაპუციმ.
იმის გამო, რომ ევროპაში კორონავირუსმა 120 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, ლიდერები ფრთხილად ცდილობენ შეზღუდვების მოხსნას. როგორც ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა შვეიცარიულ გამოცემა Blick-თან საუბრისას აღნიშნა, ვირუსის მეორე ტალღის გამეორება რეალისტურია და ასეთ შემთხვევაში მთავარია, ინფექციის შეჩერება და პაციენტების იზოლირება სწრაფად მოხდეს.
როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამოქმედო გეგმა ევროპის ქვეყნებში? გთავაზობთ მას დაწვრილებით რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, რომელსაც Bloomberg-ი ავრცელებს:
იტალია
4 მაისი: აღდგა სამშენებლო, საწარმოო პროცესი. რესტორნებს ე.წ take-away სერვისის უფლება აქვთ;
18 მაისი: რითეილერები, მუზეუმები გაიხსნება;
1 ივნისი: ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები სავარაუდოდ განაახლებენ მუშაობას. სკოლები კი სექტემბრამდე დახურული იქნება.
ესპანეთი
28 აპრილი: პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მომდევნო რვა კვირის განმავლობაში ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
2 მაისი: მოქალაქეებს მისცეს უფლება სეირნობის და ვარჯიშის. ბავშვების ქუჩაში გაყვანის შესაძლებლობა კი 26 აპრილიდან აქვთ ესპანელებს.
4 მაისი: ცალკეული ბიზნესები, მაგალითად სალონები გაიხსნა. ბარებს და რესტორნებს ე.წ take-aways სერვისის უფლება აქვთ. ასევე რამდენიმე კუნძულზე ბარებს აქვთ უფლება მომხმარებელს გაუმასპინძლდნენ შეზღუდული რაოდენობით.
6 მაისი: მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს გაახანგრძლივებს თუ არა საგანგებო მდგომარეობას, რომელიც 9 მაისს სრულდება.
გერმანია
20 აპრილი: მცირე ზომის მაღაზიებმა, ავტოდილერებმა განაახლეს მუშაობა;
4 მაისი: ნაწილობრივ აღდგა სკოლებში სასწავლო პროცესი, სალონებმა განაახლა მუშაობა;
6 მაისი: მერკელმა შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქების შესახებ უნდა განაცხადოს;
31 აგვისტოს შემდეგ: მასშტაბური ღონისძიებები, მაგალითად ფეხბურთის მატჩები, ფესტივალები და კონცერტები შესაძლოა დაშვებული გახდეს.
საფრანგეთი
11 მაისი: ოფიციალურად დაიწყება საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქება.
შვეიცარია
27 აპრილი: გაიხსნა სილამაზის სალონები, ტატუს სალონები, მაღაზიების ნაწილი;
11 მაისი: ცალკეული სკოლები განაახლებენ მუშაობას. რითეილ-სერვისი ნაწილობრივ აღდგება, ასევე მუზეუმები და ბიბლიოთეკები გაიხსნება. სოციალური დისტანციის დაცვით, გაიხსნება რესტორნები და სპორტული ობიექტები.
8 ივნისი: უნივერსიტეტები გაიხსნება სავარაუდოდ, პროფესიონალური ფეხბურთის მატჩებიც აღდგება, თუმცა, მაყურებლის გარეშე.
ავსტრია
14 აპრილი: მცირე ზომის მაღაზიები და მებაღეობის მაღაზიები გაიხსნა;
2 მაისი: უფრო დიდი ზომის მაღაზიები გაიხსნა;
15 მაისი: რესტორნები და ტაძრების გახსნა დაიწყება;
18 მაისი: სტუდენტების ნაწილი დაუბრუნდება სასწავლო პროცესს;
29 მაისი: სასტუმროები გაიხსნება.
ნიდერლანდები:
11 მაისი: დაწყებითი სკოლები ნაწილობრივ გაიხსნება, მოზარდები ცალკეულ სპორტულ ვარჯიშებს დაუბრუნდებიან.
2 ივნისი: სკოლები და უნივერსიტეტები განაახლებენ მუშაობას;
1 სექტემბერი: მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის ფეხბურთის მატჩები და მუსიკალური ფესტივალები შესაძლოა აღდგეს.
პორტუგალია
4 მაისი: მცირე ზომის მაღაზიები, სილამაზის სალონები, წიგნების მაღაზიები, ავტოდილერები გაიხსნა. მთავრობა აცხადებს, რომ მოქალაქეებმა სახლიდან მუშაობა მაისის ბოლომდე უნდა განაგრძონ. პირბადეები სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში.
18 მაისი: რესტორნები გაიხსნება, 50%-იანი დატვირთვით. მუზეუმები გაიხსნება. სკოლები გაიხსნება მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამამთავრებელ ბოლო ორ კლასში არიან.
1 ივნისი: უფრო დიდი ზომის მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, კინო-თეატრები და საბავშვო ბაღები გაიხსნება.