“შუხმან ჯგუფმა” საკუთარი წარმოების ღვინის კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა. ექსკლუზიური პროდუქტი გასული წლის მიწურულს გამოვიდა. ყურძნის წიპწისგან დამზადებული კოსმეტიკური ზეთისა და “სკრაბის” შეძენა მომხმარებლებს მხოლოდ Schuchmann Wines Chateau & SPA-ში შეუძლიათ, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მდებარეობს.
კოსმეტიკურ პროდუქციას კომპანია შუხმანის საწარმოში აწარმოებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, გასტრონომიული და კოსმეტიკური ზეთების, ასევე, სკრაბის საწარმოებლად დაახლოებით 300 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
“შუხმან ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ შატოში არა მხოლოდ კოსმეტიკური ხაზის შეძენა, არამედ მათი გამოყენებით სპა პროცედურების ჩატარებაც არის შესაძლებელი:
“იმისთვის, რომ ეს პროდუქტი საინტერესო ყოფილიყო ჩვენი ღვინის სპის პროცედურები შევიმუშავეთ, გვაქვს სამნაირი აბაზანები – კაბერნე სოვინიონის, საფერავისა და მუკუზანის აბაზანა. შემდგომ უკვე ჩვენ მიერ შემუშავებული ღვინის კოსმეტიკური ხაზით მასაჟები, ანუ ღვინის თერაპია ხორციელდება”.
რაც შეეხება კოსმეტიკური ნაწარმის დამზადებას, “შუხმან ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, წელიწადში ერთხელ, რთველის დროს კანისგან გამოცალკევებულ წიპწებს მზეზე აშრობენ, რაც აჯერებს მას სასარგებლო ვიტამინებით და კომპონენტებით და რომელიც კანის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წლის განმავლობაში 10 000 ბოთლი კოსმეტიკური ზეთის და 2 000 კგ სკრაბის გამოშვებას გეგმავენ.