შვედეთის მთავრობამ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნის დასახმარებლად უდიდესი სამხედრო პაკეტი დააანონსა. სკანდინავიური სახელმწიფო რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას $1.3 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.
შვედეთის თავდაცვის მინისტრ პოლ იონსონის განცხადებით, სამხედრო პაკეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ახალი დახმარების ფარგლებში უკრაინა შვედეთისგან Saab-ის საავიაციო-სადესანტო დაზვერვისა და კონტროლის (ASC) 890 თვითმფრინავს მიიღებს, რაც უკრაინელ სამხედროებს შორ მანძილზე სამიზნეების ამოცნობას გაუმარტივებს. ასევე დაეხმარება სხვა ქვეყნებისგან მიღებული F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინის სამხედრო ძალებთან ეფექტიან ინტეგრირებაში.
„ASC-ის თვითმფრინავები შეავსებენ და გააძლიერებენ F-16-სისტემებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა სტოკჰოლმში გამართულ ბრიფინგზე. თავად უკრაინისთვის კი F-16-ები რუსული მოიერიშე თვითმფრინავებზე შეტევის მიტანისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია, რაზეც მიმდინარე კვირაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. უმეროვი იმედოვნებს, რომ პირველი F-16 გამანადგურებელი უკრაინას „ძალიან მალე“ მიეწოდება.
შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის თაობაზე განცხადება გასულ კვირას გააკეთა. არსებული გეგმით, შვედეთი ომში მყოფ ქვეყანას სამი წლის განმავლობაში $7.1 მილიარდით დაეხმარება. უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის შემდეგ, შვედეთი მარაგის შესავსებად S 106 Global Eye-ის შეკვეთის პროცესს დააჩქარებს.