შვეიცარიის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების გადაცემის საკითხი დაბლოკა. პარლამენტის მოსაზრებით, უკრაინის ფინანსური დახმარების $5.58-მილიარდიანი პაკეტი ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის აკრძალვებს ეწინააღმდეგება.
შვეიცარიის პარლამენტმა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის საწინააღმდეგოდაც ჩაატარა კენჭისყრა. ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის დამატებით $11 მილიარდის გამოყოფას 15 მომხრე და 28 წინააღმდეგი ჰყავდა.
შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატის გადაწყვეტილებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა დახმარების პაკეტის მოწინააღმდეგენი განმარტავენ, რომ მათი პოზიცია ქვეყნის ნეიტრალური სტატუსით აიხსნება. ამასთან ერთად, შვეიცარია უახლოეს პერიოდში უკრაინის მშვიდობის სამიტს უმასპინძლებს. შესაბამისად, მისი მხრიდან დახმარების პაკეტის დამტკიცება შესაძლოა მხარეებს კონფრონტაციად აღექვათ.
დასავლელი პარტნიორების მხრიდან შვეიცარია უკრაინისათვის დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით დიდ ზეწოლას განიცდის. თუმცა ქვეყნის მემარჯვენე-ნაციონალისტი კანონმდებლები ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ამჯობინებენ.
შვეიცარიის პარლამენტში დარეგისტრირებული უკრაინის დახმარების პაკეტი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, რეკონსტრუქციასა და აღდგენით სამუშაოებში მხარდაჭერას გულისხმობდა.