სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხმელი მოტივად უკრაინისადმი ფიცოს პოლიტიკას ასახელებს

სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხმელი მოტივად უკრაინისადმი ფიცოს პოლიტიკას ასახელებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, ბრალდებულმა ერთ-ერთ მოტივად მთავრობის პოლიტიკა დაასახელა, კერძოდ კი პრემიერის გადაწყვეტილება, შეეწყვიტა სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის.

თავდასხმაში ბრალდებული 71 წლის იურაი ცინტულაა, რომელიც სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზევე აიყვანეს. ცინტულას განცხადებით, ის მარტო მოქმედებდა და მისი მიზანი ფიცოს მოკვლა არ ყოფილა. გამომძიებლებთან უკრაინის საკითხზე საუბრისას, ბრალდებულმა სლოვაკეთის მთავრობას „ევროკავშირის მოღალატეებიც“ კი უწოდა.

თუმცა, ის ფაქტი, რომ სლოვაკეთი პოლიტიკურად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოლარიზებული ქვეყანაა ბადებს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ლიდერზე თავდასხმისთვის მოტივის შექმნასაც ცდილობს. ცინტულას განცხადება კი იმის შესახებ, რომ ის მარტო მოქმედებდა, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს სამთავრობო ხელისუფლების მიზანთან, თავდასხმა უფრო ფართო შეთქმულების ნაწილად წარმოაჩინოს.

პრემიერი ფიცო თავისივე ქვეყანაშიც კი საკამათო პოლიტიკური ფიგურაა. ის პრორუსული და ანტიამერიკული მესიჯებით გამოირჩევა. იანვარში ფიცომ უკრაინას დახმარებაც შეუწყვიტა. მან ადრე გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ და ამჟამად სლოვაკეთს საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის სერვისების სადავო რეფორმისკენ უბიძგებს.

სლოვაკეთის პრემიერს თავს 15 მაისს, ქალაქ ჰანდლოვაში, მთავრობის შეხვედრის დასრულების შემდეგ დაესხნენ. ბრალდებულმა ფიცოს ახლო მანძილიდან რამდენჯერმე ესროლა. ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, პრემიერის სიცოცხლეს ამ ეტაპისთვის საფრთხე აღარ ემუქრება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფიცოს მოკავშირეებმა და კოალიციის წევრებმა თავდასხმის ხელშეწყობაში ოპოზიცია და „ლიბერალური მედია“ დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, ჟურნალისტები ხელს უწყობენ საზოგადოებაში პრემიერისა და მათი პოლიტიკის მიმართ სიძულვილის გაღვივებას.