წინასწარი შედეგებით, სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ადვოკატმა ნატაშა პირც მუსარმა მოიპოვა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი გახდება. 54 წლის პირც მუსარმა, არჩევნების მეორე ტურში ხმების 53.83% დააგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე პოლიტიკოსმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჟე ლოგარმა – 46.7%.
მიუხედავად სლოვენიაში ამ თანამდებობის ძირითადად სიმბოლური როლისა, პრეზიდენტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის ცენტრალური ბანკის მმართველის, დანიშვნის უფლება აქვს. სხვა კანდიდატურების დამტკიცების უფლებას ძირითადად პარლამენტი ფლობს.
შეგახსენებთ, რომ სლოვენია ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოა. ახალი პრეზიდენტი თანამდებობაზე ბორუტ პაჰორს შეცვლის, რომელიც უკვე ოცდაათი წელია, რაც პოლიტიკაში აქტიურად მოღვაწეობს. პაჰორი, ყოფილი მოდელი, რომელიც სლოვენიის პრეზიდენტი, 5-წლიანი ვადით, ორჯერ გახდა, საზოგადოებაში ხშირად Instagram-ის პრეზიდენტად მოიხსენიება, სოციალური ქსელის ხშირად გამოყენების გამო.
პირც მუსარის, ყოფილი ტელეწამყვანისა და გავლენიანი იურისტის კამპანია, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხებს შეეხებოდა. მისი კონკურენტი, 46 წლის ანჟე ლოგარი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის იანეზ იანშას მემარჯვენე „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელია. ლოგარის კამპანია ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და რელიგიაზე იყო ფოკუსირებული, სლოგანით: „ერთად ვიმუშაოთ მომავლისთვის“.