კვლევითი კომპანია IDC-ის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში სმარტფონების გლობალური ბაზარი 6.5%-ით გაიზარდა. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნივთის ინდუსტრიაში ბაზრებზე კვლავ Samsung-ი და Apple-ი დომინირებენ. თუმცა, ანალიტიკოსების განმარტებით, მოთხოვნა ჯერჯერობით სრულად არ აღდგენილა.
საინტერესოა, რომ სმარტფონების მიწოდება ზედიზედ მეოთხე კვარტალია, იზრდება. განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ სულ უფრო მეტი მწარმოებელი ცდილობს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვას, რაც საწარმოო პროცესს ანელებს. IDC-ის პროგნოზით, წელს AI-ით მხარდაჭერილი სმარტფონების წილი გლობალურ გაყიდვებში 19% იქნება.
გლობალური ბაზრის ლიდერი კვლავ Samsung-ია. მეორე კვარტალში კორეულ მწარმოებელზე ბაზრის 18.9% მოდის, Apple-ის ბაზრის წილმა კი 15.8% შეადგინა. მესამე ადგილს 14.8%-ით ჩინური Xiaomi იკავებს.
სმარტფონების გლობალური მწარმოებლები ახალი ბაზრების ათვისებას და უკვე არსებულ ბაზრებზე საკუთარი პოზიციების განმტკიცებას ცდილობენ. მაგალითისათვის, ინდოეთში Apple-ის გაყიდვები 33%-ით გაიზარდა. ფინანსური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ინდოეთი შესაძლოა Apple-ისათვის ჩინეთის ბაზრის ალტერნატივად გარდაიქმნას.
მომავალი წელი სმარტფონების ინდუსტრიისათვის უმნიშვნელოვანესი იქნება. კომპანიები წარდგენილ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს რეალურ ცხოვრებაში გამოცდიან. გლობალური ბაზრის წილების განაწილება კი აღნიშნული ტექნოლოგიების წარმატებით გამოყენებაზე იქნება დამოკიდებული.