Solid Power-მა მყარი შიგთავსის მქონე EV-ელემენტების საპილოტე წარმოება დაიწყო

Solid Power-მა მყარი შიგთავსის მქონე EV-ელემენტების საპილოტე წარმოება დაიწყო

BMW-ისა და Ford Motor-ის მიერ მხარდაჭერილმა სტარტაპმა, Solid Power-მა, ინოვაციური,  მყარი შიგთავსის მქონე ელემენტების ქსელის საპილოტე წარმოება დაიწყო. კომპანია ახალი ელემენტის დახმარებით, ნაკლები დანახარჯებით, უფრო დიდი დისტანციის დაფარვასა და დამუხტვის შემცირებულ დროს აანონსებს.

მყარი შიგთავსის მქონე ელემენტი ამჟამად გავრცელებული ლითიუმ-იონის ელემენტისაგან სწორედ ამ მახასიათებლებით განსხვავდება. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრომობილების ინდუსტრიაში მყარი შიგთავსის ელემენტი ამცირებს ყველა იმ რისკს, რომლებიც  თხევად ელექტროლიტურ ელემენტს გააჩნია. ამ მიზეზით Solid Power-მა ბოლო წლების განმავლობაში ავტომწარმოებლებისაგან დიდი მოცულობის ინვესტიციებიც მიიღო.

Solid Power-ი უკვე დიდი ხანია, აღნიშნული ელემენტის ელექტრომობილების წარმოებაში მასობრივ დანერგვაზე მუშაობს, თუმცა ამ ბიზნესში მას კონკურენტიც ჰყავს. იმავე მიზნის მიღწევას Toyota-ს მიერ მხარდაჭერილი QuantumScape-ც ცდილობს. თუმცა Solid Power-ის უპირატესობა აშკარაა. კომპანიის განცხადებით, მას მყარი შიგთავსის მქონე  ელემენტის წარმოება ლითიუმ-იონის ელემენტებისათვის საჭირო მოწყობილობებითაც შეუძლია. ეს კი კონკურენტებთან შედარებით მას მოწინავე პოზიციებზე აყენებს.

თავდაპირველად კომპანია მცირე რაოდენობის მყარი მდგომარეობის ელემენტებს დაამზადებს, რომელთა მიზანიც შიდა ტესტირებები იქნება. გარდა ამისა, წლის ბოლოსთვის სტარტაპი ელემენტების პარტნიორებისათვის, BMW-სა და Ford-ისათვის მიწოდებასაც განიხილავს. ავტომწარმოებლები კი აღნიშნულ ელემენტებს საკუთარი ავტომობილების პროტოტიპებში გამოცდიან.