Sotheby’s-ისა და Christie’s-ის სამკაულების აუქციონის გაყიდვებმა $108 მილიონი შეადგინა

Sotheby’s-ისა და Christie’s-ის სამკაულების აუქციონის გაყიდვებმა $108 მილიონი შეადგინა

ნიუ-იორკში, Sotheby’s-ისა და Christie’s-ის „ჯადოსნური სამკაულების“ აუქციონის სეზონი დასრულდა. აუქციონის გაყიდვებმა დაახლოებით $108.7 მილიონი შეადგინა. კოლექციონერების ყველაზე დიდი ყურადღება კი, აუქციონების სეზონზე, ფერადმა ბრილიანტებმა დაიმსახურა.

შვიდ დეკემბერს Sotheby’s-ის აუქციონზე 129 ლოტის გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ, ჯამში, $50 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აუქციონის სახლისთვის სამკაულების გლობალურმა გაყიდვებმა, $450 მილიონს გადააჭარბა, რაც უკანასკნელი ხუთი წლის მაქსიმუმია. აუქციონის ლოტებს შორის ყველაზე გამორჩეული „The Golden Canary“ გახდა, 303.10-კარატიანი მუქი მოყავისფრო-ყვითელი ბრილიანტი, რომელიც $12.4 მილიონად გაიყიდა. ამავდროულად „The Golden Canary“ აუქციონებზე მესამე ყველაზე ძვირად გაყიდული ყვითელი ბრილიანტიც გახდა.

ფოტო: Sotheby’s

ჩაძირული ესპანური გალეონის ნარჩენებში თითქმის ოთხი საუკუნის შემდეგ აღმოჩენილი ზურმუხტიანი ბეჭედი ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე $1.2 მილიონად გაიყიდა. გალეონი “Nuestra Señora de Atocha” 1622 წელს, დღევანდელი ფლორიდის სანაპიროსთან, ქარიშხლის შედეგად ჩაიძირა, მასთან ერთად ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა 6.25-კარატიანი რვაკუთხა ფორმის ზურმუხტიც. აღსანიშნავია, რომ სამკაულის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი სრულად უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად იქნება გამოყენებული.

აუქციონზე გაყიდულ სხვა ცნობილ ბრილიანტებს შორის მოხვდა 25.03-კარატიანი ზურმუხტისფერი D-ფერის ბრილიანტი, რომელიც 2.3 მილიონად გაიყიდა. $11.1 მილიონად გაიყიდა კიდევ ერთი ზურმუხტისფერი 10.67-კარატიანი ბრილიანტი, ხოლო 3.69-კარატიანი რუხი-ლურჯი ბრილიანტის გაყიდვის ღირებულებამ საბოლოოდ $1 მილიონი შეადგინა.

ფოტო: Sotheby’s

ტუტანხამონის საფლავის აღმოჩენის ასი წლის იუბილეზე, აუქციონზე პოპულარულ ლოტებს შორის მოხვდა ეგვიპტური თემატიკის ძვირფასეულობაც. ეგვიპტური საგანძურიდან წარმოდგენილი ცხრა ლოტიდან რვის გაყიდვით მიღებულმა თანხამ $1.8 მილიონი შეადგინა, მათ შორის მოხვდა: Lacloche Frères-ის ფერადი ქვისა და ბრილიანტის $1.2 მილიონად გაყიდული სამაჯური და $352,800-ად შეფასებული გულსაკიდი-კლიფსები.

Christie’s-ის ექვსი დეკემბრის აუქციონიდან ტოპ-ლოტის უცერემონიოდ ამოღების მიუხედავად, ჯამში 134 ლოტის გაყიდვამ $58.77 მილიონს მიაღწია. ცნობისთვის, Christie’s-ზე წარმოდგენილი ლოტების 93% გაიყიდა. აუქციონზე გაყიდული სამკაულების ტოპ-ათეულიდან ცხრა ამ შემთხვევაშიც ბრილიანტი იყო.

Christie’s-ზე ყველაზე გამორჩეულ ლოტებს შორის მოხვდა ვარდისფერი და თეთრი ბრილიანტებით გარშემორტყმული 31.62-კარატიანი მსხლის ფორმის ცისფერი ბრილიანტის გულსაკიდი, რომელიც $11.8 მილიონზე მეტად გაიყიდა. აუქციონზე წარმოდგენილ სამკაულებს შორის აღსანიშნავია გულის ფორმის საყურეებიც, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმულ მონაცრისფრო ლურჯ, ყვითელ, მეწამულ და შავ ბრილიანტებს აერთიანებდა და თავდაპირველ შეფასებაზე ოთხჯერ ძვირად, $1.38 მილიონად გაიყიდა.

ფოტო: Christie’s

რაც შეეხება უფერო ბრილიანტებს, Christie’s-ზე ყველაზე ძვირად 86.64-კარატიანი D-ფერის და VVS1 გამჭვირვალობის ბრილიანტის გულსაკიდი გაიყიდა. მსხლის ფორმის სამკაულის ფასმა $5.7 მილიონი შეადგინა. მას მოჰყვება 51.60-კარატიანი ოვალური ფორმის ბრილიანტი G-ფერისა და VS2 გამჭვირვალობის, რომელიც აუქციონზე $2.4 მილიონად William Goldberg-მა, ნიუ-იორკის ბრილიანტების პრესტიჟულმა კომპანიამ შეისყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *