SpaceX-ი ვიეტნამში $1.5 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს

SpaceX-ი ვიეტნამში $1.5 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს

ვიეტნამის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი ქვეყანაში ინტერნეტის პროექტ Starlink-ის განვითარებისთვის $1.5 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ვიეტნამის მთავრობასა და SpaceX-ს შორის ინტერნეტ და სხვა საკომუნიკაციო სერვისების დანერგვის შესახებ მოლაპარაკებები გასულ წელსაც მიმდინარეობდა, თუმცა უცნობი მიზეზით შეჩერდა. როგორც ჩანს, ამჟამად მოლაპარაკებები განახლებულია და SpaceX-ის გაფართოების შემდეგი ეტაპი ვიეტნამს მოიცავს.

SpaceX-ის შეთავაზებას საბოლოო დასტური ვიეტნამის მთავრობამ უნდა მისცეს, ამისთვის კი ეს უკანასკნელი კომპანიისაგან ინვესტირებამდე საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებას ითხოვს.

100-მილიონიანი სახელმწიფო SpaceX-ისთვის პოტენციურად ერთ-ერთ უმთავრეს ბაზარს წარმოადგენს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ Starlink-ი ინტერნეტის მოძველებული ინფრასტრუქტურისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ალტერნატივას წარმოადგენს.

გარდა ამისა, ინტერნეტსერვისების მდგრადობას ხელს ქვეყნის მთლიანი ლანდშაფტიც უშლის. Starlink-ის სატელიტური ინტერნეტით კი სერვისით სარგებლობა ნებისმიერ წერტილში იქნება შესაძლებელი.

SpaceX-ის ვიეტნამში ინვესტირებას შემაფერხებელი გარემოებებიც ახლავს. ვიეტნამის ადგილობრივი კანონმდებლობით, ქვეყანაში დარეგისტრირებული კომპანიის წილის 50%-ზე მეტი არ შეიძლება უცხოელის მფლობელობაში იყოს. თავის მხრივ, SpaceX-ის პირობა კი საკონტროლო პაკეტის ფლობაა. შესაბამისად, მხარეებს აღნიშნულ პუნქტზე შეთანხმებაც მოუწევთ.

კომპანიის განმარტებით, თავდაპირველად სატელიტური ინტერნეტის გამოყენება საგანმანათლებლო და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით იგეგმება.