სტარტაპ ბიურო, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, Oracle-ის პარტნიორი ხდება Oracle for Startups პროგრამის ფარგლებში. მეწარმეობაში 40-წლიანი გამოცდილებით, Oracle სტარტაპებს საკუთარ ტექნოლოგიურ და ბიზნეს რესურსებს სთავაზობს და ინოვაციური პროექტების დანერგვაში ეხმარება. სტარტაპ ბიურო უკვე 44 000-ზე მეტ ინდივიდსა და ასობით სტარტაპს დაეხმარა თავისი უნიკალური ღონისძიებების, ჰაკათონების, აქსელერაციის პროგრამებისა და კონკურსების მეშვეობით.
სტარტაპ ბიურო და Oracle for Startups ერთობლივი ძალისხმევით საშუალებას აძლევენ სტარტაპებს, ისარგებლონ Oracle-ის ტექნოლოგიური, ბიზნეს და მენტორული რესურსებით:
- უფასო ქლაუდ კრედიტები (მეტის მიღებაზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობით)
- ქლაუდზე 70%-იანი ფასდაკლება 2 წლის განმავლობაში
- მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა ყოველთვიური ლაივ ვებინარებით
- მხარდაჭერა მარკეტინგის, PR/AR-ის, ღონისძიებებისა და კონტენტ-მარკეტინგის მხრივ
“გვიხარია, რომ Oracle for Startups-ის პარტნიორები ვართ და უამრავი სარგებლის შეთავაზება შეგვიძლია ქართული სტარტაპებისთვის. ეს პარტნიორობა თანხვდება ჩვენს მისიას, ხელი შევუწყოთ ქართულ სტარტაპებს ზრდასა და განვითარებაში წამყვანი ტექნოლოგიებისა და რესურსების გამოყენებით. Oracle-ის რესურსები კი მსოფლიოში საუკეთესოა,” – აცხადებს გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი.
ქლაუდ კრედიტებთან ერთად, Oracle for Startups სტარტაპებს დახმარებას სთავაზობენ იმ ეტაპზეც, როცა ისინი ბიზნესის ზრდისთვის მზად არიან და წვდომას აძლევს Oracle-ის მომხმარებელთა გლობალურ ბაზაზე.
„ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში დიდ პოტენციალს ვხედავთ; და მოხარულნი ვართ სტარტაპ ბიუროსთან პარტნიორობითა და ჩვენს პროგრამაზე ცნობიერების ამაღლებით, რაც საშუალებას მისცემს სტარტაპებს, გაიზარდონ და განვითარდნენ“ – განაცხადა ანა ვარდანიანცმა, Oracle Cloud-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა.
სტარტაპ ბიუროს შესახებ
სტარტაპ ბიურო თბილისში მდებარე ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და საჯარო სექტორებთან თანამშრომლობს და ორგანიზებას უწევს ჰაკათონებს, ბიზნეს ბანაკებს, ინკუბატორებს, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს, შეხვედრებს, ტრენინგებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ფოკუსირებულია მეწარმეების, ინოვატორებისა და შემოქმედების უნარებისა და შესაძლებლობების ზრდაზე.