Swing Festival 2021-ის შეჯამება და ინვესტორებისთვის გაღებული კარი

Swing Festival 2021-ის შეჯამება და ინვესტორებისთვის გაღებული კარი

მიმდინარე წელს ფესტივალის ჩატარება, განსაკუთრებით, პანდემიასთან ადაპტირებულ, უსაფრთხო გარემოში ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო. Swing Festival ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც უსაფრთხოებისა და რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა და ათასობით “კოვიდ-უარყოფით” სტუმარს უმასპინძლა.

ფესტივალი ფოთში, ოქროს ტბის წყალსათხილამურო კომპლექსის ტერიტორიაზე, 30 ივლისს დაიწყო და 1 აგვისტომდე გაგრძელდა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აქამდე უცნობი ადგილი რუკაზე ტურისტულ წერტილად მოინიშნა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების ახალი პერსპექტივაც გააჩინა.

3 სცენა, 70-მდე ქართველი და უცხოელი არტისტი, ათობით ბარი და კვების ობიექტი, სტარტაპ-მარკეტი, მოსასვენებელი სივრცეები და აქტიური დასვენებისთვის საჭირო სხვა კომპონენტები სამეგრელოს ისტორიულ ტერიტორიაზე ერთ სივრცეში აღმოჩნდა და შეიქმნა Swing.

ფესტივალის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, მისი დამფუძნებელი – ალექსანდრე ჯულაყიძე შედეგებს აჯამებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით Swing Festival 2021-ს? რამდენად გამართლდა მოლოდინი და როგორი უკუკავშირი მიიღეთ?

ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო ფესტივალის მომზადება ძალიან რთული პროცესი იყო. ჩვენი მთავარი ამოცანა დამსწრე საზოგადოების უსაფრთხოება იყო. Swing Festival-მა მსმენელს ელექტრონული მუსიკის გამორჩეული არტისტების მოსმენის შესაძლებლობა მისცა მაქსიმალურად „კოვიდ-უსაფრთხო“ გარემოში.

ორგანიზების პერიოდში მუდმივად ახალ-ახალ გამოწვევებს ვაწყდებოდით. უნდა ვაღიაროთ, რომ კოვიდ-სიტუაციიდან გამომდინარე, ყოველდღე ველოდით შეზღუდვების გამკაცრებას, რაც უზარმაზარი რისკის ქვეშ აყენებდა ფესტივალს. მიუხედავად ყველაფრისა, ფესტივალი შედგა და მას განვითარების უდიდესი პერსპექტივა აქვს. მოხარული ვართ მიღებული პოზიტიური უკუკავშირით და თითოეული დადებითი კომენტარით. ფესტივალისადმი მსმენელის დამოკიდებულება უკვე გვაძლევს სამომავლო გეგმებზე ფიქრის საფუძველს – ვიმედოვნებთ, რომ Swing Festival-ი ყოველ წელს გაიმართება და კიდევ უფრო დახვეწილ გარემოს შესთავაზებს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს.

პანდემიის პირობებში ხალხმრავალი ღონისძიების ორგანიზება უამრავ წინაღობასთან ასოცირდება. რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?

თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენი იდეა და ინიციატივა უამრავ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული. წინასწარ შევისწავლეთ ევროპაში წელს გამართული ფესტივალებისა და კონცერტების ორგანიზებისა და განხორციელების სპეციფიკა. გადავწყვიტეთ, ფესტივალზე დაგვენერგა ჩვენს რეალობაზე მორგებული, წინასწარი კოვიდ-ტესტირების პრაქტიკა. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ გვენდო მსმენელი და ჩამოვიდა ჩვენთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსაფრთხოების მხრივ, გამოწვევა წარმატებით გადავლახეთ, რადგან, ფესტივალის დასრულების შემდეგ არ გამოვლინდა ე.წ. ინფიცირების კერა. უზარმაზარი მხარდაჭერა გვქონდა საკლუბო სფეროს წარმომადგენლების მხრიდანაც. ყველამ იცის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ელექტრონული მუსიკის კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას.

ყველაზე დიდი სირთულე, ისევე როგორც სხვებისთვის, ჩვენთვისაც ფინანსების მოძიება იყო. ბევრისგან მივიღეთ უარი, რამდენიმე პოტენციურმა სპონსორმა, სამწუხაროდ, ბოლო წუთს მიიღო გადაწყვეტილება, არ ჩართულიყო Swing Festival 2021-ის ორგანიზებაში.

თითოეულ ორგანიზაციას, რომელმაც ფესტივალი ჩვენთან ერთად ჩაატარა, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ნდობისა და თანადგომისთვის.

ფინანსური რესურსის უდიდესი ნაწილი მოხმარდა ფესტივალის ტერიტორიის უსაფრთხოების ზომების დაცვით მოწყობას. ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან საზოგადოება მისთვის უცნობ ლოკაციაზე გასართობად ჩამოდიოდა. მახსოვს, პირველად რომ ჩავედით ადგილის დასათვალიერებლად, ჯუნგლები დაგვხვდა. იმ დროს წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენებოდა იქ სტუმრების მიღება და ფესტივალის ჩატარება, თუმცა, საბოლოოდ, 3000-ზე მეტ ადამიანს ვუმასპინძლეთ.

ახალი ფესტივალებისთვის პირველი წელი ყოველთვის რთულია, ხარვეზები ხშირად ფესტივალის ხარისხზეც აისახება. რა შეცდომები დაუშვით და როგორ აპირებთ მომავალ წელს მათ გამოსწორებას?

პირველივე წელს ხარისხიანი საფესტივალო გარემოს შექმნა ძალიან რთულია. წელს, ისევ და ისევ, კოვიდ-პანდემიის გამო, ფესტივალის დაანონსება გვიან მოხდა. არ გვქონდა საკმარისი დრო საჭირო რესურსის მოსაძიებლად. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ნდობაც ჯერ არ გვქონდა მოპოვებული. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდით. საბოლოოდ, ფესტივალი კერძო სექტორისგან მიღებული დაფინანსებით ჩავატარეთ, რაც, ცხადია, არასაკმარისი აღმოჩნდა.

გასაკვირი არაა, რომ ფინანსური ზარალი საკმაოდ დიდი იყო. სამწუხაროდ, ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს პრობლემა უცხო არ ყოფილა – წლევანდელი წელი კულტურული ღონისძიებებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ჩვენც, როგორც სხვებს, სხვადასხვა ფინანსური ვალდებულება დაგვრჩა. ამიტომ, ფესტივალის დასრულების დღიდან აქტიურად მიმდინარეობს თითოეული შეცდომისა და ხარვეზის გაანალიზება და გამოსწორება.

მომავალ წელს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისგან მეტ მხარდაჭერას ველით. მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ნათელია, რომ ყველას ჩართულობაა საჭირო, განსაკუთრებით ადგილობრივი რესურსის უკეთ ათვისება გვსურს. გავიცანით არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც 2022 წელს უკეთესი ფესტივალის ორგანიზებაში დაგვეხმარებიან.

როგორია სამომავლო გეგმები? რას უნდა ველოდოთ Swing Festival-ისგან?

ჩვენი უმთავრესი მიზანი ქართული მუსიკალური სცენის განვითარება და გაძლიერებაა. არავინ ელოდა, რომ ფოთში შექმნილი და მიღებული გამოცდილება ასეთი საინტერესო აღმოჩნდებოდა. პირველ წელს მიღებული შედეგი და ხარისხი გვაძლევს მოტივაციას, რომ მომავალ წელს როგორც ფესტივალის მასშტაბი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაც გაცილებით გავზარდოთ. გვაქვს გეგმა, რომ 2022-ში მინიმუმ 2-ჯერ მეტ ქართველ და უცხოელ სტუმარს ვუმასპინძლოთ. ფოთი საპორტო ქალაქია, შესაბამისად, ამ სატრანსპორტო რესურსის სათანადოდ ათვისებაც გვსურს.

საბედნიეროდ, ფესტივალის დასრულების შემდეგ რამდენიმე ახალი სასპონსორო შემოთავაზება მივიღეთ. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ახალი სტრატეგიული პარტნიორებისთვის.

რას სთავაზობს Swing Festival ინვესტორებს და რას იღებს სანაცვლოდ?

მასშტაბურ ფესტივალს შესაბამისი ბიუჯეტი სჭირდება. წლევანდელმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ კერძო სექტორი უფრო დაინტერესებულია კულტურული ღონისძიებებით. შესაბამისად, შევიმუშავეთ ახალი ფინანსური გეგმა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციის წილის 25%-ს ახალი პარტნიორების მოსაზიდად გამოვყოფთ.

Swing Festival-მა დაამტკიცა თავისი უდიდესი პოტენციალი. სიამაყით ვამბობთ, რომ მიუხედავად უამრავი სირთულისა და პრობლემისა, წელს ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება ჩავატარეთ. გვჯერა, რომ Swing Festival წარმატებული იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. ამჟამად უკვე ახალი პარტნიორების მოძიებით ვართ დაკავებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.