ტაილანდმა დამატებით 36 ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის სისტემა აამოქმედა. აღნიშნულ ქვეყნებს შორის საქართველოც მოხვდა. შესაბამისად, დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში 60 დღის განმავლობაში გამგზავრება უვიზოდ შეეძლებათ. ეს გადაწყვეტილება ტაილანდმა ტურიზმის ინდუსტრიისათვის ხელშესაწყობად მიიღო.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ტაილანდში უვიზოდ მოგზაურობა მხოლოდ 57 სახელმწიფოს მოქალაქეებს შეეძლოთ. უკანასკნელი გადაწყვეტილებით კი ეს რიცხვი 93-მდე გაიზარდა.
ტურიზმის ინდუსტრია ტაილანდისათვის შემოსავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანას 17.5 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს. თუმცა ტურიზმის ინდუსტრია პანდემიამდელ დონემდე ტაილანდში კვლავაც არ აღმდგარა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ ტურიზმით $23.6 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება საქართველოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერაქციული რუკის თანახმად, ქვეყანას უვიზო მიმოსვლა 74 სახელმწიფოსთან აქვს. 7 ქვეყნის ვიზა კი ადგილზე გაიცემა. დანარჩენ სახელმწიფოებში სტუმრობისთვის საქართველოს მოქალაქეებმა ვიზა წინასწარ უნდა აიღონ.