თიბისი ლიზინგი - 20 წელი ქართული ეკონომიკისთვის

თიბისი ლიზინგი - 20 წელი ქართული ეკონომიკისთვის
„თიბისი ლიზინგი დაარსების 20 წლის თავზე ბაზრის 80%-მდე ფლობს, 4000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება და ₾400 მილიონამდე მოცულობის პორტფელს განკარგავს. ბოლო ხუთ წელიწადში კომპანიამ ₾1 მილიარდამდე ინვესტიცია მოიზიდა, მეტწილად – უცხოეთიდან. მდგრადი ზრდის გეგმებზე გენერალური დირექტორი გაგა გოგუა, ფინანსური დირექტორი ნუგზარ ლოლაძე, კომერციული დირექტორი ზურაბ გუგუშვილი და რისკების მართვის დირექტორი გიორგი მაისურაძე გვესაუბრნენ.“

„ჩვენი მთავარი მოტივაცია იცით, რა არის? – გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს აქტივების ალტერნატიული დაფინანსების სწრაფ და მარტივ გზას ვთავაზობთ და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები ვართ, – მეუბნება თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი გაგა გოგუა, – ჩვენ გვწამს, რომ ლიზინგს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და ფინანსურ ბაზარზე არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და განვითარების მთავარი აქსელერატორი. ჩვენ, როგორც ბაზრის ლიდერ სალიზინგო კომპანიას, უმნიშვნელოვანესი როლი გვაკისრია ამ დიდ საქმეში“.

ინტერვიუს სამუშაო დღის ბოლოს ვწერთ, ახალგაზრდა ოპერატორი გოგო სატელეფონო ზარს პასუხობს: „თიბისი ლიზინგი გისმენთ“, მანამდე კი დათქმული ინტერვიუს მიმართულებას მიმასწავლის. გზად, ოფისის მეორე სართულზე, ოთხი თუ ხუთი თანამშრომელი მხვდება, ჰოლში შეკრებილები მთელი ენთუზიაზმით განიხილავენ საკითხს – როგორც ჩანს, სამსახურიდან წასვლას არც ჩქარობენ. „ტენეს“ პლასტმასის შემგროვებელი მუყაოს მწვანე ყუთი მაკულატურის შემგროვებელი ყუთის გვერდით დაუდგამთ, ასეთ ნიშნებს ვაკვირდები – ნიშნები ყოველთვის კორპორაციულ კულტურაზე მეტყველებენ. გაგას ოთახში მოხვედრის შემდეგ ვხვდები, რატომ არ ჩქარობენ დასაქმებულები სამსახურის დატოვებას, აქ მთელ კედელზე კომპანიის ძირითადი მაჩვენებლები არის ჩამოწერილი, რომელთაგან თანამშრომელთა კმაყოფილების ინდექსი პირველ ადგილს იკავებს, ხოლო რა როლს ასრულებს აღნიშნული საკითხი კომპანიის განვითარებაში, ამას მოგვიანებით მოგიყვებით.

გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი

„ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს გახსნა უნდათ. საქართველოში მსგავსი საწარმოს ანალოგი არ არსებობს, ახლა ამ ბაზრის უკეთ შესწავლა და კონსულტაციის გაწევა ჩვენზეა. საინტერესოა“, – ყურადღებას იქცევს სიტყვები, რომელთაც ჩემთან მოსალმებამდე კოლეგას, გაგა გოგუას უზიარებს თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი ზურაბ გუგუშვილი და ცოტა ხნის წინ უკრაინულ-ქართული კომპანიის წარმომადგენლებთან დასრულებული შეხვედრის შინაარსს მოკლედ აცნობს. მოგვიანებით ზურაბ გუგუშვილი მეტყვის, რომ თიბისი ლიზინგის უწყვეტი განვითარების საფუძველია, გააანალიზოს სიახლეები და ახალი გამოწვევები, როგორც მოცემულობა.

2003 წელს დაარსებული სს თიბისი ლიზინგი 20 წლის თავზე 4000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. უმსხვილესი, 80%-მდე საბაზრო წილით და 400 მლნ ლარამდე მოცულობის პორტფელით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, თიბისი ლიზინგმა 1 მილიარდ ლარამდე ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა, რომლის 70%-საც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული რესურსი შეადგენს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოვიზიდეთ 1 მილიარდი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და იმ სექტორებს მოხმარდა, რომელთაც ჩვენ ვაფინანსებთ,- ამბობს გაგა გოგუა და იმ სფეროებს ჩამოთვლის, რომლებშიც უცხოელი კრედიტორებისგან მოზიდული თანხა ინვესტირდება. – მოწინავეა გზების მშენებლობა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მომსახურება, წარმოება, მრეწველობა, HORECA, მედიცინა, განახლებადი ენერგიები და ტექნოლოგიები და სხვა. იმ საერთაშორისო ფინანსური ინსტუტუტების ნუსხა კი, რომლებიც წლებია, ჩვენი პარტიორები არიან, ისე შთამბეჭდავად გამოიყურება, ჩამოთვლად ღირს: FMO, EBRD, Proparco, SYMBIOTICS, BSTDB, Blue Orchard, MICROVEST, TRIPLE JUMP და სხვა. „ეს საერთაშორისო დონეზე ჩვენს გამჭვირვალობასა და სანდოობაზე მიუთითებს“, – აღნიშნავს კომპანიის ფინანსური დირექტორი ნუგზარ ლოლაძე და ამ ფონდებთან წვდომით შექმნილ ფინანსურ უპირატესობაზე საუბრობს, რომელიც თიბისი ლიზინგს ბაზრის ლიდერ კომპანიად აქცევს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. „დაფინანსების მხრივ ასეთი დონის საერთაშორისო მხარდაჭერა თიბისი ლიზინგს საშუალებას აძლევს, მომხმარებელს ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი სალიზინგო მომსახურება შესთავაზოს“.

კომპანიის მთლიან პორტფელში მომხმარებლების უმრავლესობა იურიდიული კომპანიებია, კერძო პირების წილი დაახლოებით 8 -10%-ია. „3 წელიწადში სალიზინგო პორტფელის ორჯერ გაზრდა – ამ ამბიციური გეგმის დასახვის საშუალებას გვაძლევს ბაზრის პოტენციალი და მომხმარებლების ინტერესი ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებისადმი, რომლის გრძელვადიანად და უწყვეტად მიწოდების შესაძლებლობა გვაქვს“ – გაგა გოგუას კომპანიის განვითარების ხედვაზე სასაუბროდ ეწყობა.

მაგრამ ვიდრე კომპანიის სამომავლო გეგმებზე, საკანონმდებლო ინიციატივებსა და საპარტნიორო ხედვების გაფართოებაზე გადავიდოდეთ, ცოტათი მაინც ავხსნათ, რატომ ლიზინგი? „ლიზინგი არასაბანკო დაფინანსების მოქნილი ინსტრუმენტია. რაღაც მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მომხმარებელს არა მხოლოდ ტრადიციული საკრედიტო და სასესხო დაფინანსების ალტერნატივას ვთავაზობთ, არამედ საკუთარი კაპიტალით დაფინანსების ნაწილშიც ვთავაზობთ დახმარებას, რაც გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ლიზინგი საკრედიტო და საკუთარი კაპიტალით დაფინანსების ჰიბრიდული ინსტრუმენტია“, – გვიხსნის ნუგზარ ლოლაძე, კომპანიის ფინანსური დირექტორი.

საქართველოში მომხმარებელს ფინანსური საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში დაფინანსების მიღების რამდენიმე ალტერნატივა აქვს და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ყველას ბანკი და მიკროსაფინანსო კომპანიები ახსენდება. კერძო პირებზე რომ არაფერი ვთქვათ, ხშირად საბანკო მოთხოვნების დაკმაყოფილება იურიდიულ პირებს და მოზრდილ კომპანიებსაც უჭირთ დროისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. „ჩვენი უპირატესობა დაფინანსების სიმარტივესა და მოქნილობაშია. ლიზინგის უნიკალური სტრუქტურიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ აქტივის იურიდიული მესაკუთრეები, რაც საშუალებას გვაძლევს, დროის მოკლე მონაკვეთში მომხმარებელს შევთავაზოთ მასზე მორგებული დაფინანსება და, რაც მთავარია, მხოლოდ შეძენილი აქტივის თანამონაწილეობის საფუძველზე, ყველანაირი დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე. დღეს შეარჩევ აქტივს – ხვალ აქტივი შენია“, – გვიყვება ზურაბ გუგუშვილი და პროცესის ილუსტრირებისთვის ერთ-ერთ პროდუქტს, „სწრაფ დაფინანსებას“, განიხილავს: „ საუბარია მაქსიმუმ 500 ათასი დოლარის ღირებულების აქტივებზე, რაც რეალურად საკმაოდ დიდი თანხაა. მთავარია, კომპანია ან კერძო პირი რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს. ესენია: თანამონაწილეობა, საკრედიტო ისტორია, რამდენად გადახდისუნარიანია ეს კომპანია თუ ადამიანი, უფრო სწორედ, რამდენად კარგი რეპუტაციით სარგებლობს საკრედიტო პროდუქტების მომსახურების კუთხით. თუ ამ ინფორმაციას ლიზინგის კომპანიას დღის დასაწყისში მიაწვდით, დღის ბოლოს ლიზინგის დაფინანსებით სასურველი აქტივი თქვენი გახდება“.

ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი

„როგორც აქტივის ან მომსახურების მსხვილი შემსყიდველი და გამყიდველი, თიბისი ლიზინგი კარგი შუამავალია აქტივის მომწოდებელსა და ლიზინგის მომხმარებელს შორის, რის საფუძველზეც შესაბამის სარგებელს მომხმარებელიც ნახულობს. ამასთან, თიბისი ლიზინგი მომხმარებელს სთავაზობს სერვისს, რომელიც მოიცავს: აქტივისა და მომწოდებლის კონსულტაციას, მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ფასის შეთავაზებას (იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე უმსხვილესი შემსყიდველები ვართ), სავაჭრო და ლოგისტიკური პროცესების წარმართვას, დაზღვევას, საბაჟო და საგადასახადო მომსახურებას, რაშიც კლიენტი დამატებით დროსა და სახსრებს არ ხარჯავს“, – ზურაბ გუგუშვილს სამრეწველო ავტომობილების მწარმოებელ ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან თანამშრომლობის მაგალითი მოჰყავს.

„თითოეული გამყიდველის ანუ მომწოდებლის უკან საერთაშორისო მშობელი კომპანია დგას, რომელიც, როდესაც ხედავს, რომ ქართული შვილობილი კომპანიის გაყიდვებში 35% თიბისი ლიზინგს უკავია, ასკვნის, რომ თიბისი ლიზინგი არის მსხვილი კომპანია და მას უნდა შესთავაზოს სპეციალური პირობები, როგორიც არის ფასდაკლება, უკან გამოსყიდვის შესაძლებლობა და ა.შ. – გვიხსნის ზურაბ გუგუშვილი – ეს, თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევს, რისკი მომწოდებლის მხარეს დავაზღვიოთ, სპეციალური შეთავაზებები გავუკეთოთ ჩვენს მომხმარებელს და ამით დამატებითი ღირებულება შევუქმნათ“.

ობიექტურობისთვის აქვე გავცეთ პასუხი კითხვას: რატომ არის ან რატომ აღიქმება ლიზინგის მომსახურება შედარებით ძვირად?

ლიზინგის უნიკალური სტრუქტურა და გამოცდილება სალიზინგო კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებლის სასარგებლოდ თავის თავზე აიღოს უფრო მეტი რისკი აქტივის ნაწილში და დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე შესთავაზოს მარტივი და სწრაფი დაფინანსება თუნდაც ისეთი ტიპის აქტივებისთვის, რომლებიც სხვა ფინანსური ინსტიტუტებისათვის არალიკვიდურია.

ნუგზარ ლოლაძის თქმით, თუ ლიზინგის უნიკალური სტრუქტურიდან გამომდინარე, აქტივის ნაწილში მომხმარებლის სასარგებლოდ მეტ რისკს იღებენ, გამოდის, რომ მომხმარებელს ნაკლები რისკი რჩება, რაც ლიზინგის კონკურენტულ უპირატესობას წარმოშობს, რის სანაცვლოდაც მომხმარებელი მზად არის, შესაბამისი პრემიუმი გადაიხადოს.

„ჩვენ ახლა ამ კულტურის დანერგვაზე ვმუშაობთ, რომ ლიზინგის პროდუქტის უპირატესობის გაანალიზების გზით დაიწყოს მომხმარებელმა აზროვნება და მიიღოს გადაწყვეტილება დაფინანსების ინსტრუმენტის შერჩევისას, – ამბობს ფინანსური დირექტორი. – რომ მომხმარებელმა იფიქროს იმ მიმართულებით, თუ რატომ უნდა ჩადოს დამატებითი უზრუნველყოფა დაფინანსების მოსაპოვებლად, როდესაც მას შეუძლია, თანამონაწილეობის მეშვეობით აქტივი შეიძინოს ლიზინგით, რისკი სალიზინგო კომპანიასთან გაინაწილოს და ამ მომსახურებაში გადაიხადოს უმნიშვნელო რისკ-პრემიუმი, ხოლო დამატებითი უზრუნველყოფა შეინარჩუნოს ძირითადი ბიზნესდაფინანსების მოპოვებისათვის“.

იმ სამწლიანი სტრატეგის ნაწილი, ცოტა ზემოთ რომ ვახსენეთ და კიდევ დავუბრუნდებით, ლიზინგთან მიმართებით მომხმარებლის ცნობიერების გაზრდაა, რათა უფრო გასაგები, მისაღები და ორგანული გახდეს პოსტულატი: სიმდიდრე სარგებლობაშია და არა აუცილებლად საკუთრებად ქცევასა და ფლობაში.

საქართველოში ამ დრომდე პოპულარობით (მომხმარებლების თითქმის 90%) უფრო ფინანსური ლიზინგი სარგებლობს, როცა მყიდველი აქტივს ბოლომდე გამოისყიდის და მისი მესაკუთრე ხდება, რაც საოპერაციო ლიზინგისგან იმით განსხვავდება, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მარტივად რომ ვთქვათ, საუბარი იჯარის მსგავს პროდუქტზე გვაქვს, სადაც მომხმარებელი აქტივით გარკვეული დროით სარგებლობს და შემდეგ უკან უბრუნებს სალიზინგო კომპანიას. არადა ქვეყნებში, სადაც ლიზინგი ბევრად განვითარებულია, საოპერაციო ლიზინგის წილი ფინანსურისას დიდად არც ჩამოუვარდება.

ვის სჭირდება და ადგება კიდეც ყველაზე ეფექტიანად ლიზინგი? აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არსებობს – ესენია სტარტაპები. მაღალი კომპეტენციის გუნდი, რომელიც კარგად იცნობს ბაზარს და აკეთებს მაღალი სიზუსტის პროგნოზებს, გაცილებით მარტივად გასცემს დაფინანსებას და სტიმულს აძლევს სტარტაპს, არ დაკარგოს დრო მფარველი ინვესტორის (angel investor) ძიებაში. მეტიც, საქართველოში არსებული სტარტაპების დიდი წილი თიბისი ლიზინგის დაფინანსებულია და კომპანია პარტნიორ სტარტაპ-ბიზნესს განვითარებასა და გაფართოებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი

ნუგზარ ლოლაძის თქმით, მათდამი ძალიან მაღალ ინტერესს იჩენენ განახლებადი ენერგიების სფეროში მოქმედი ბიზნესები, როგორიც არის მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურები, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურები, რომელთა განვითარება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესშიც ხვდება. საუბარია ისეთი ტიპის განახლებადი ენერგიის სადგურებზე, რომელთაც არ გააჩნიათ რთული გეოლოგია, ჰიდროლოგია ან ჰიდროგრაფია, არ ახდენენ ნეგატიურ გავლენას ადგილობრივ ეკოსისტემაზე და მათი ინვესტიციის ძირითადი ნაწილი მოდის ელექტრომექანიკურ მოწყობილობებზე (ტურბინა, პენსტოკი, მზის პანელები, გენერატორი და აშ), რაც თიბისი ლიზინგს საშუალებას აძლევს, დააფინანსოს გრძელვადიანი მოხმარების აქტივები 10-15-წლიანი ვადით.

„ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სააგენტოების ფარგლებში ინიციირებულ პროექტებში, სადაც სააგენტოების მიერ შერჩეული მომხმარებლისთვის ხდება ლიზინგით დაფინანსების პროცენტის სრული ან ნაწილობრივი სუბსიდირება, რაც მომხმარებლისთვის ფასეული სერვისია“, – ამბობს ნუგზარ ლოლაძე.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ნარჩენი ღირებულების რისკის აღების ნაწილში თიბისი ლიზინგს უნიკალური კონკურენტული უპირატესობა აქვს, რადგანაც აქტივის იურიდიული მფლობელია და კარგად არის წარმოდგენილი აქტივის მეორად ბაზარზე.

„ეს ნიშნავს, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებელს შევთავაზოთ მასზე მორგებული ნარჩენი ღირებულებით ლიზინგის პროდუქტი, რომელიც იქნება ქირისა და იჯარის კონკურენტი და მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, იჯარაზე დაბალ ფასად გახდნენ აქტივის მოსარგებლეები, – ამბობს ფინანსური დირექტორი. – ამასთანავე, მივცეთ ოფცია, სურვილის არსებობის შემთხვევაში გამოისყიდონ ან დაუბრუნონ უკან სალიზინგო კომპანიას და ამ სახით გაისტუმრონ თავიანთი ვალდებულება“.

თიბისი ლიზინგის რისკების მართვის დირექტორის, გიორგი მაისურაძის თქმით, ყველა ფონდს, ინვესტორს, როგორც წესი, აქვს ერთი კითხვა: „როგორია თქვენთან თამაშის წესები ანუ როგორია საგადასახადო, საკანონმდებლო და რეგულაციების ჩარჩო. თამაშის წესი ჯერ ჩარჩოში არ ზის“, – თვითონვე უპასუხებს გიორგი მაისურაძე.

გიორგი მაისურაძე, თიბისი ლიზინგის რისკების მართვის დირექტორი

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ლიზინგის სტრატეგიული განვითარების გეგმის ჩამოყალიბება და ამის საფუძველზე საგადასახადო, საკანონმდებლო და რეგულაციური ჩარჩოს შექმნაა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაზე იქნება დაფუძნებული და არსებულ სალიზინგო კომპანიებთან ერთად, ახალი სალიზინგო კომპანიების შექმნისა და შემოსვლის ხელსაყრელ გარემოს შექმნის. ინიციატივაზე მუშაობა 2020 წელს პრეპანდემიურ პერიოდში დაიწყო და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმაშიც პრიორიტეტად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული მიზეზებიდან გამომდინარე სამუშაოები დროში გაჭიანურდა, ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, რომელსაც საბოლოდ საკანონმდებლო ინიციატივის სახე უნდა მიეცეს და დამტკიცდეს პარლამენტის მიერ. „საკანონმდებლო ჩარჩო ლიზინგის ბაზარს უფრო მიმზიდველს გახდის ახალი მოთამაშეებისთვის, გაზრდის ბაზარზე კონკურენციას, რასაც საბოლოოდ პოზიტიური გავლენა ექნება ლიზინგის ბაზრის განვითარებაზე“, – ჰყვება ნუგზარ ლოლაძე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტანდარტული საბანკო/საფინანსო მომსახურებისგან განსხვავებით, ლიზინგი მოქნილი, კლიენტზე მორგებული პროდუქტია, რომელიც არ მონაწილეობს ჭარბვალიანობის წარმოქმნაში და აქვს უკეთესი სუბსიდირების მექანიზმები. „ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვართ პარტნიორი და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლების ხელშეწყობას ზრდასა და განვითარებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ წვდომა გვქონდეს იმ სპეციალურ ბერკეტებთან, რომელთა ძირითადი წყარო სახელმწიფო და მარეგულირებელი უწყებებია“, – ამბობს ზურაბ გუგუშვილი.

კომპანია არის ევროპის სალიზინგო ასოციაციის წევრი. ევროპის სალიზინგო კომპანიების ჯამური პორტფელი მშპ-ში დაახლოებით 5%-მდეა, „საქართველოში ეს მაჩვენებელი 1%-იც არ არის. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს სალიზინგო ბაზარს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, რაც თავისთავად გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას”, – დასძენს გაგა გოგუა. „ლიზინგი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი აქსელერატორი ეკონომიკისა და მშპ-ის ზრდისთვის“, – ამატებს ნუგზარ ლოლაძე.

„ხშირად აღვნიშნავთ, რომ თიბისი ლიზინგის წარმატების უკან ძლიერი გუნდი დგას, რომელსაც ღირებულებები, კულტურა და პროფესიონალიზმი აერთიანებს. ამიტომ ყოველდღიურად ვცდილობთ, ვიყოთ კარგი დამსაქმებელი. გახედეთ ამ კედელს, რომელიც მოწმობს, რომ ENPS-ის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ეს არის ჩვენი თანამშრომლების კმაყოფილება“, – გაგა გოგუა ხელით კედლისკენ მიმანიშნებს, სადაც გამოყოფილად წერია ეს მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს, კომპანიის თანამშრომლების რამდენი პროცენტი ურჩევდა სხვას თიბისი ლიზინგში მუშაობას. სულ კი ამჟამად კომპანიას დაახლოებით 150 თანამშრომელი ჰყავს.

„თანამშრომლებისა და გუნდის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით, ჩვენთვის მთავარია, გუნდი გვყავდეს კმაყოფილი. მთავარია თანამშრომლებისთვის შთაგონების მიცემა. ახალი პროდუქტები ერთი ადამიანის მოფიქრებული არ არის, ეს გუნდის ნამუშევარია. შარშან ოთხი ახალი პროდუქტი ჩავუშვით ჯამურად მთლიან გაცემებში (271 მლნ გაიცა 2022 წელს) 45% ახალი პროდუქტების ხარჯზე მოხდა და ეს ახალი პროდუქტები იმ თანამშრომლებისა და გუნდის შექმნილია, აქ რომ მუშაობენ და რომელთა ENPS -იც ასე მაღალია“, – ამბობს გაგა გოგუა.

დიდი ხანია, თიბისი ლიზინგის თანამშრომლები ფურცელს აღარ ყრიან, შეგროვილ მაკულატურას წიგნებში ცვლიან და მაღალმთიანი რეგიონების სკოლებსა და ბიბლიოთეკებში არიგებენ. სულ ცოტა ხნის წინ პლასტმასის შემგროვებელი ურნებიც გაჩნდა ოფისში, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას ცდილობს. ამასთანავე, ენთუზიაზმით ეხმარება პარტნიორ სტარტაპებს საინფორმაციო ქსელის აწყობაში, სოციალურ ქსელში სანდოობის გაზრდაში და გამოფენებში მონაწილეობის საფასურსაც უხდის. როგორც დამსაქმებელი, თიბისი ლიზინგი მუდმივად ზრუნავს ახალი კადრების მოზიდვაზე, მათ შორის, სიამოვნებით აძლევს ახალგაზრდებს პირველი სამსახურის დაწყებისა და კომპეტენციის გაღრმავების საშუალებას. გასულს წელს, სტაჟირების პროგრამის შემდგომ, ცხრა ახალი ტალანტი მივიღეთ მუდმივ შტატში. სხვა ღირებულებებთან ერთად, კომპანიისთვის მნიშვნელოვან ადგილს მომხმარებელთა უკუკავშირისა და კეთილგანწყობის მოპოვება იკავებს, მათი სურვილებისა და შენიშვნების გათვალისწინება კი ყოველდღიური პრიორიტეტია.

„ამიტომ მომწონს ლიზინგი – ძალიან ცოცხალი და დინამიკური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც პრობლემების გადაწყვეტის სტანდარტულ და სწორხაზოვან მიდგომებს არ ეყრდნობა“, – ამბობს ნუგზარ ლოლაძე და ამატებს: „ახლა მთავარი გამოწვევა ყველაფერ ზემოთ თქმულზე ცნობიერებისა და ლიზინგის ცნობადობის ამაღლებაა ჩვენს ქვეყანაში, მეტიც, ვფიქრობ, საკითხი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან აღნიშნული ბიზნესპრაქტიკა დასავლეთის განვითარებულ ეკონომიკებში უკვე ათწლეულებია, წარმატებით ფუნქციონირებს და ჩვენც გვაქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, მომხმარებელს ცხოვრება გავუმარტივოთ“.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia