ჭკვიანი ბეჭდების მწარმოებელი Oura აქციების საჯაროდ განთავსებისთვის ემზადება

ჭკვიანი ბეჭდების მწარმოებელი Oura აქციების საჯაროდ განთავსებისთვის ემზადება

ფოტო: Oura

ჭკვიანი ბეჭდების მწარმოებელმა კომპანია Oura Health-მა აქციების საჯაროდ განთავსებისთვის მზადება დაიწყო და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) IPO-ს განაცხადი კონფიდენციალურად შეიტანა. ამით Oura 2026 წლის გახმაურებულ IPO-ების ტალღას შეუერთდა, სადაც უკვე ფიგურირებს SpaceX-ი და OpenAI.

კომპანიას ამ ეტაპზე არც აქციების რაოდენობა და არც სავარაუდო ფასის დიაპაზონი არ დაუსახელებია, რაც კონფიდენციალური განაცხადის სტანდარტული პრაქტიკაა. Bloomberg-ის ინფორმაციით, IPO-ზე მუშაობენ ისეთი საინვესტიციო ბანკები, როგორებიცაა Goldman Sachs-ი, Morgan Stanley, JPMorgan Chase-ი, Allen & Co. და Jefferies-ი.

წარმატებული დებიუტის შემთხვევაში, Oura-ს აქციების საჯაროდ განთავსება შესაძლოა გახდეს სამომხმარებლო ტარებადი მოწყობილობების (wearables) ყველაზე მასშტაბური IPO მას შემდეგ, რაც Peloton-ი 2019 წელს ბირჟაზე 8.1 მილიარდი დოლარის შეფასებით გავიდა, ხოლო Fitbit-ი 2015 წელს დაახლოებით 4.1 მილიარდ დოლარად შეფასდა.

Oura-ს შეფასებამ 2025 წლის სექტემბერში 11 მილიარდ დოლარს მიაღწია, როდესაც კომპანიამ 875 მილიონი დოლარი მოიზიდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტომ ჰეილის თქმით, Oura 2026 წელს 1.5 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. ამ დროისთვის კომპანიას 5.5 მილიონზე მეტი ჭკვიანი ბეჭედი აქვს გაყიდული.

2013 წელს დაფუძნებული Oura, რომლის შტაბ-ბინები სან-ფრანცისკოსა და ოულუში (ფინეთი) მდებარეობს, ჭკვიანი ბეჭდების კატეგორიის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა. კომპანიის ტიტანის კორპუსში მოთავსებული მოწყობილობა მომხმარებლის გულისცემის ცვალებადობას, სხეულის ტემპერატურას, ძილის ეტაპებსა და აქტივობას ზომავს.

ბრენდის პოპულარობას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ Oura-ს ბეჭდებს ატარებენ ცნობილი სახეები, მათ შორის პრინცი ჰარი და ჯენიფერ ენისტონი, ასევე პროფესიონალი სპორტსმენები. ბაზრის ზრდამ ტექნოლოგიური გიგანტების ინტერესიც გამოიწვია. Samsung-მა 2024 წელს Galaxy Ring-ი წარადგინა, ხოლო Apple-ი AI-ზე დაფუძნებული ტარებადი მოწყობილობების ახალ ხაზზე მუშაობს, რომელიც შესაძლოა ჭკვიან ბეჭედსაც მოიცავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი ბეჭდები ტარებადი მოწყობილობების ბაზრის ჯერ კიდევ მცირე ნაწილს შეადგენს და სექტორში ძირითადად Apple Watch-ი და Fitbit-ის მსგავსი ტრეკერები დომინირებენ, ანალიტიკოსები სეგმენტის სწრაფ ზრდას პროგნოზირებენ.

Oura-ს IPO კიდევ ერთ ფიტნეს-ტექნოლოგიურ კომპანიას, Strava-ს საჯაროდ დალისტვას ემთხვევა, რომელმაც კონფიდენციალური განაცხადი, 2.2 მილიარდი დოლარის შეფასებით, უკვე შეიტანა. ორივე კომპანია იმედოვნებს, რომ AI-ზე დაფუძნებული პერსონალიზებული ჯანმრთელობის მონიტორინგის მიმართ მზარდი ინტერესი ინვესტორებს აღნიშნული სექტორისკენ კვლავ მიიზიდავს.