Experian Automotive-ის მიერ გამოქვეყნებული საავტომობილო ფინანსური ბაზრის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში ახალი ავტომობილების შეძენისა და ლიზინგის 8.6% ელექტრომობილებზე მოდიოდა. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აღემატება 2022 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებს, სადაც ელექტრომობილების წილი მთლიან გაყიდვებში 7.1%-ს შეადგენდა. მიუხედავად ელექტრომობილების ბაზრის ზრდის ტემპის შემცირებისა, ინდუსტრია შიდაწვისძრავიან ავტომობილების ბაზართან ბრძოლას განაგრძობს და ელექტრომობილებით ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.
საგულისხმოა, რომ ელექტრომობილების ინდუსტრია მეტწილად მაინც Tesla-ს დომინირების ფონზე იზრდება. Tesla ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელია, რომელიც დღეს ყველაზე მსხვილ და ყველაზე პოპულარულ ავტომწარმოებელს წარმოადგენს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია იმდენივეა, რამდენიც მომდევნო ათი ავტომწარმოებლისა ერთად და $630 მილიარდს შეადგენს.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ტრადიციულმა ავტომწარმოებლებმა ათობით ელექტრომოდელი წარადგინეს. მათ მიერ წარმოებული ელექტრომობილები თითქმის ყველა საფასო კატეგორიას ერგება, თუმცა ელექტრომობილების ბაზარზე მაინც Tesla დომინირებს. ტოპ-10 ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილიდან 4 სწორედ Tesla-ს მოდელია. აქედან 2 მოდელი კი ბაზარზე ორნიშნა წილს იკავებს. Experian Automotive-ის მონაცემებით, Tesla Model Y-ზე ახალი ელექტრომობილების გაყიდვის 31.9% მოდის, ხოლო 17.6% Model 3-ზე. შედარებისათვის, მესამე ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი 2023 წლის მეოთხე კვარტალში Volkswagen ID.4 იყო და მისმა წილმა 3.9% შეადგინა.
10 ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილს ასევე წარმოადგენენ Ford Mustang Mach-E, Rivian R1S-ი, Tesla Model X-ი, Chevy Bolt-ი, Hyundai Ioniq 5, Ford F-150 Lightning-ი, Tesla Model S-ი და Nissan Ariya.