Recov.ge-მ ბინების ბაზრის შესახებ განახლებული კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში, თბილისში, 2 997 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან და 7%-ით მეტია 2019 წლის მონაცემებზე. როგორც ხედავთ, ტრანზაქციების ზრდა-კლების მაჩვენებელი არც ისეთი დიდია. თუმცა, რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2021 წლის სექტემბერში ბაზარი 2019 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ ჯამში 138 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საინტერესოა, რომ 2021 წლის სექტემბერში თბილისში ახალი ტრანზაქციების უმეტესობა, დაახლოებით 65%, ახალაშენებულ პროექტებზე მოდის. 2 997 ტრანზაქციიდან 1 980 სწორედ ამ უკანასკნელზე აღინიშნება. ეს კი 9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებზე კი 1 017 ტრანზაქცია ფიქსირდება, რაც 2020 და 2019 წლებზე 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მნიშვნელოვანი მონაცემია ბინების ბაზრის ზომაც, რომელიც 2021 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინებისათვის 2019 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ძველი ბინების ბაზრის ზომა კი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9%, ხოლო 2019 წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა.
გაყიდული ბინების ყველაზე დიდი წილი კვლავინდებურად ეკონომსეგმენტზე მოდის, რომელიც ახალაშენებული ბინების შემთხვევაში წინა წელთან შედარებით 18%-ით არის შემცირებული. მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება მედიუმსეგმენტში, სადაც ტრანზაქციების რიცხვი 2020 წელთან შედარებით 41%-ით არის გაზრდილი. ასევე იზრდება პრემიუმსეგმენტიც. ამ სეგმენტში 32%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ჯამურად, თბილისში 2021 წლის პირველ ნახევარში 16,383 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 54%-ით მეტია.