The Atlantic-ის მთავარი რედაქტორის, ჯეფრი გოლდბერგის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია იემენზე საჰაერო თავდასხმებს პოპულარულ პლატფორმა Signal-ის ჩატში განიხილავდა. გოლდბერგის თქმით, ადმინისტრაციის წევრებმა შეცდომით ჩატში ისიც მიიწვიეს.
„იემენში ჰუსიტების პოზიციებზე აშშ-ის საჰაერო იერიშების შესახებ მსოფლიომ 15 მარტს, შუადღის 2 საათზე გაიგო. თუმცა მე ამის შესახებ თავდასხმამდე ორი საათით ადრე შევიტყვე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა დილის 11:44-ზე თავდასხმის გეგმა მომწერა. გეგმა მოიცავდა ზუსტ ინფორმაციას თავდასხმაში გამოსაყენებელ შეიარაღებაზე, სამიზნეებსა და დროზე“, – წერს ჯეფრი გოლდბერგი The Atlantic-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
მისი ინფორმაციით, თავდაპირველად Signal-ში დაკავშირების მოწვევა აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების მრჩევლის, მაიკ უოლცისგან მიიღო. ჯეფრი გოლდბერგი აღნიშნავს, რომ მაიკ უოლცის ანგარიში ყალბად ჩათვალა, თუმცა მოწვევას დაეთანხმა, რადგან მასთან ნაცნობობა აკავშირებდა და იმედი ჰქონდა, რომ რეალური ანგარიშის შემთხვევაში მაღალჩინოსანი მასთან უკრაინაზე, ირანსა ან სხვა მნიშვნელოვან საკითხზე საუბარს გეგმავდა. მისივე განმარტებით, ორი დღის შემდეგ უკვე Signal-ის ჩატში დამატების შეტყობინება მიუვიდა, რომელსაც „ჰუსიტების აღმასრულებელი კომიტეტის პატარა ჯგუფი“ ერქვა.
ჯეფრი გოლდბერგის ინფორმაციით, რომელსაც ჩატიდან აღებული ფოტოებით ამტკიცებს, ჯგუფში იემენში ჰუსიტების პოზიციებზე თავდასხმის დეტალებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი და სხვა მაღალჩინოსნები განიხილავდნენ. განხილვის საგანს აშშ-ის სამთავრობო მესიჯებზე კოორდინაცია, პრეზიდენტ ტრამპის მოლოდინების გაცნობა და უშუალოდ ჰუსიტების პოზიციებზე თავდასხმებზე დეტალები წარმოადგენდა.
The Atlantic-ის მთავარი რედაქტორის მიერ გაჟონილმა ინფორმაციამ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში დიდი კამათი გამოიწვია. The Politico-ს ინფორმაციით, განიხილება ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც. ეროვნული საიდუმლოების შინაარსის, კონფიდენციალური და სენსიტიური შინაარსის მქონე საკითხების Signal-ის მსგავს აპლიკაციაში განხილვას, ტრამპის ადმინისტრაციის წევრების შეცდომად მიიჩნევენ.
ცნობისათვის, Signal-ის კოდი საჯაროა, რაზე დაყრდნობითაც კიბერუსაფრთხოების ექსპერტები მას ყველაზე უსაფრთხო პლატფორმად მიიჩნევენ.