თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.1% იყო.

საქსტატის ცნობითვე, თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში.

თებერვალში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6 537 შეადგინა, რაც წლიურად 57.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ კი 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წლიური ზრდა 11.7%-ს შეადგენს.