საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში, 2021 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. 2022 წლის თებერვალში 165 626 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2021 წლის თებერვალში – 42 075. გასული წლის თებერვალში პანდემიის გამო ჯერ კიდევ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა და ტურისტები ვერ შემოდიოდნენ. 2019 წლის თებერვალთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 65%-ით არის შემცირებული.
ტურისტების რაოდენობა, რომელიც მხოლოდ იმ ვიზიტორებს მოიცავს, რომლებმაც საქართველოში 24 საათზე მეტი გაატარეს, თებერვალში ასევე თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და ჯამში 137 ათასი ტურისტი შემოვიდა. 2019 წლის თებერვალთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 45%-ით არის შემცირებული.
ორი თვის ჯამში, იანვარ-თებერვალში ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი. 2022 წლის ორ თვეში 365 019 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 76 984.
თებერვალში ყველაზე მეტი (29 606) ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია 20 876 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 17 366 ვიზიტორით.
10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | რაოდენობა | ცვლილება 2021/2022 |
თურქეთი | 29,606 | 85% |
რუსეთი | 20,876 | 614% |
სომხეთი | 17,366 | 200% |
ისრაელი | 8,779 | 19852% |
უკრაინა | 8,601 | 701% |
აზერბაიჯანი | 7,562 | 91% |
ყაზახეთი | 4,121 | 830% |
ბელარუსი | 3,446 | 745% |
ირანი | 3,272 | 843% |
საუდის არაბეთი | 2,728 | 68100% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია