თურქეთის მთავრობამ X-ს 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის მოთხოვნით მიმართა

თურქეთის მთავრობამ X-ს 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის მოთხოვნით მიმართა

სოციალური მედიაპლატფორმა X-ის ინფორმაციით, თურქეთის მთავრობამ კომპანიას 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის მოთხოვნით მიმართა. თურქეთის მთავრობის მიმართვა სტამბულის მერის დაკავებასა და ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურ საპტოტესტო აქციებს უკავშირდება. თურქეთის მთავრობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას პლატფორმა არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშთა ნაწილზე ცენზურა ამ დრომდეც ვრცელდებოდა.

კომპანიის გლობალური გუნდის განცხადებით, თურქეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ორგანოსგან არაერთი სასამართლო ბრძანება მიიღეს პლატფორმა X-ზე 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის მოთხოვნით. თურქეთის სიაში მოხვდნენ საინფორმაციო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ფიგურები, სტუდენტები და ა.შ.

კომპანიის განცხადებაშივე, თურქული მხარის მოთხოვნა შეფასებულია, როგორც „არაკანონიერი“ და აღნიშნულია, რომ ის ხელს შეუშლის მილიონობით თურქი მომხმარებლისთვის ახალი ამბებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. „X ყოველთვის და ყველგან, სადაც ჩვენ ვოპერირებთ, სიტყვის თავისუფლებას დაიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად X-ის საჯარო უარისა, Politico Europe-ის ინფორმაციით, პლატფორმამ ოპოზიციური წრის წარმომადგენლებიდან რამდენიმეს ანგარიში უკვე გააუქმა. მათ შორისაა აქტივისტი ომერ ფარუკ ასლანი, რომელმაც ახალი ანგარიშიც შექმნის შემდეგ განცხადება თავადვე გამოაქვეყნა. ფარუკის ინფორმაციით, მისი ანგარიში სასამართლო ბრძანებით დაიბლოკა, რადგან მისმა ტვიტებმა 6 მილიონ ნახვას გადააჭარბა. ცნობისთვის, ანგარიშთა ნაწილი მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე დაიბლოკა, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩვეულებრივ ფუნქციონირებდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიას განცხადებით, ხელისუფლებამ ჯამში 326 ანგარიში გამოავლინა, რომლებიც დანაშაულის წაქეზებას ახდენდნენ, აქედან 72 – საზღვარგარეთ. უილსონის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის კოორდინატორის, იუსუფ ჯანის განცხადებით, ანგარიშების უმეტესობა საზოგადოებრივ აქტივისტებსა და უნივერსიტეტთან ასოციირებულ აქტივისტებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ძირითადად საპროტესტო ინფორმაციებს აზიარებდნენ.

Twitter-ს თურქეთში რამდენიმე ანგარიში წარსულშიც დაუბლოკავს. მათ შორის 2023 წელს, ერდოღანის ხელახალ არჩევნებამდე. კომპანიის მაშინდელი გლობალური გუნდის განცხადებით, ანგარიშების შეზღუდვა სამართლებრივი პროცესის საპასუხოდ მოხდა და მისი მიზანი თურქი ხალხისთვის Twitter-ის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო. მომხდართან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში მასკმა აღნიშნა, რომ ის სიტყვის თავისუფლების მომხრეა, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოუწევდა პლატფორმის აკრძალვა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები სტამბულის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას მოჰყვა. იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად განიხილება, თურქეთის პოლიციამ 19 მარტს, არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავა. პროკურატურა იმამოღლუს თაღლითობასა და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდაჭერაში ადანაშაულებს. სტამბულის მერი კვლავ პატიმრობაში რჩება, თურქეთში კი დემონსტრაციები გრძელდება, რომელთა ფარგლებში დაკავებულთა რაოდენობამ უკვე 1,100 ადამიანს გადააჭარბა.