შაბათს, თურქეთში წარმატებით გამოცადეს ადგილობრივად წარმოებული პირველი კოსმოსური, ზონდის ტიპის რაკეტა. ეს მოვლენა ქვეყნის ამბიციისათვის კოსმოსის კვლევაში საკუთარი წვლილის შეტანასთან დაკავშირებით დიდ წინსვლას წარმოადგენს.
გაშვებული რაკეტა თურქეთის ერთ-ერთი მოწინავე სამხედრო კონტრაქტორის, Roketsan-ის ნაწარმი გახლავთ. რაკეტის გამოცდა კი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში განხორციელდა.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2021 წლის თებერვალში ქვეყნის ამბიციური, 10-წლიანი კოსმოსური გეგმა წარადგინა. გეგმა მთვარეზე მისიის განხორციელებას, კოსმოსში თურქი ასტრონავტების გაგზავნასა და საერთაშორისო სატელიტური სისტემების შექმნას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის აპრილში ერდოღანმა თურქი კოსმოსური მოგზაურებიც წარადგინა, ვინც 14-დღიანი კვლევითი მისიით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ესტუმრებიან. ეს მოვლენაც თურქეთის ისტორიაში კოსმოსთან ადამიანის ინტერაქციის პირველი მცდელობა იქნება.
თურქეთის 10-წლიანი კოსმოსური გეგმა ერდოღანის პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიხედვითაც თურქეთის როლი რეგიონს უნდა გასცდეს და გლობალურ მოთამაშედ იქცეს. ქვეყანაში 2018 წელს კოსმოსური სააგენტოც შეიქმნა. აღნიშნული სააგენტო ზემოთ აღწერილი მიზნების განხორციელებაზე იმუშავებს.
თურქეთი ამჟამად კოსმოსური მისიისათვის უეკიპაჟო კოსმოსური ხომალდის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ამ წლის ბოლოს უნდა დამზადდეს. კოსმოსური ხომალდის ძრავა თურქეთშივე მზადდება.