თურქმენეთში ყოფილი პრეზიდენტისადმი მიძღვნილი ფუტურისტული ქალაქი გაიხსნა

თურქმენეთში ყოფილი პრეზიდენტისადმი მიძღვნილი ფუტურისტული ქალაქი გაიხსნა

თურქმენეთში ყოფილი პრეზიდენტის, ყურბანგული ბერდიმუჰამედოვისადმი მიძღვნილი ფუტურისტული „ჭკვიანი“ ქალაქი გაიხსნა. ქალაქის სახელწოდება არკადაგი, რაც მცველს ნიშნავს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის არაოფიციალური ტიტულია, რომლითაც 66 წლის ექსპრეზიდენტს თურქმენული მედია ხშირად მოიხსენიებდა.

თურქმენეთის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ახალი ქალაქი 73,000 მოსახლეზეა გათვლილი, მისი მშენებლობა კი დაახლოებით $3.3 მილიარდი დაჯდა. არკადაგში ყველა შენობა თეთრია, კორპუსები კი შვიდსართულიანია, რადგან ეს ციფრი ქვეყანაში იღბლის მომტანად მიიჩნევა.

თურქმენეთის „ჭკვიან“ ქალაქში მხოლოდ ელექტრომობილებით გადაადგილებაა დაშვებული. არკადაგში, რომელიც ყოფილი ლიდერის მშობლიური სოფლის სიახლოვეს აშენდა, აღიმართა თურქმენული ახალთეკეს ჯიშის ცხენისა და თავად ბერდიმუჰამედოვისადმი მიძღვნილი ძეგლები.

ქალაქის გახსნის ცერემონიას ყურბანგულის ვაჟი და თურქმენეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, 41 წლის სერდარ ბერდიმუჰამედოვი ხელმძღვანელობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ უცხოელი ოფიციალური პირებიც, მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქი ელექტრომობილითაც კი დაასაჩუქრა.

უფროსი ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის სახელმწიფოს 15 წლის განმავლობაში, 2022 წლამდე მართავდა და ბევრისთვის ქვეყანაში მისაბაძ პიროვნებად და კულტად იქცა. ყოფილმა ლიდერმა ხელმძღვანელობა შვილს გადასცა, თუმცა სახალხო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებების დიდ ნაწილს ის დღემდე ინარჩუნებს.