თურქეთის ელექტრომობილების პირველი ეროვნული ბრენდი, Togg-ი ევროპის ბაზარზე 2024 წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. Togg-ის CEO-ს, გურჯან ქარაქაშის ინფორმაციით, თურქული ელექტრომობილები, სავარაუდოდ, პირველად სკანდინავიის ქვეყნებში იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერლინში, თურქულ-გერმანულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სკანდინავიის ქვეყნები უფრო ღია არიან ახალი ბრენდებისა და ელექტრომობილების მიმართ და მათი ინფრასტრუქტურაც შედარებით მრავალფეროვანია. ქარაქაშმა კომენტარი ბერლინში, ორი კვირის წინ Togg-ის ავტომობილის გამოჩენაზეც გააკეთა და განმარტა, რომ მანქანა ქალაქში ტესტირების მიზნით იყო ჩაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში პირველი ეროვნული ელექტრომობილის ბრენდის საწარმოო ქარხანა ოქტომბერში გაიხსნა. ავტომობილებს ხუთი ადგილობრივი კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი, სახელწოდებით Automobile Initiative Group of Türkiye (Togg) „თურქეთის სავაჭრო პალატებისა და ბირჟების გაერთიანებასთან“ (TOBB) თანამშრომლობით აწარმოებს.
ცნობისთვის, 2019 წლის დეკემბერში ერდოღანმა Togg-ის SUV-ი და სედანის საცდელი ნიმუშები წარადგინა – ორივე სრულად ელექტრო და C-სეგმენტის მოდელები. SUV-ის ბაზარზე წარდგენა 2023 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. Togg-ი 2030 წლამდე ხუთი სხვადასხვა მოდელის, SUV-ის, სედანის, C-ჰეჩბეკის, B-SUV-ისა და B-MPV-ის წარმოებას გეგმავს. ბრენდის მიზანი ათწლეულის ბოლოსთვის ხუთ სხვადასხვა სეგმენტში 1 მილიონი ავტომობილის წარმოებაა.