ბოლო პერიოდში უმსხვილესი საჯარო კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც, თავის მხრივ, რეიტინგში მათი რიგითობა შეცვალა. ამ დროისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტულის მოსაპოვებლად Microsoft-ისა და Apple-ის რბოლა, ასევე Nvidia-ს აქციების ფასის რეკორდული ზრდა და ჩამონათვალში დაწინაურება იქცევს.
მოცემული დროისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიას Microsoft-ი ლიდერობს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.189 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ტექნოლოგიური გიგანტის ერთი აქციის ფასის ღირებულება ამჟამად დაახლოებით $429-ია. 2024 წელს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 14.13%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 57%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მოცემული მდგომარეობით Microsoft-ის მდევრად ქცეულ Apple-ს, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.917 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ Apple-ი, Microsoft-ის გარდა, ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ასევე შეძლო $3-ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვა. მოცემული დროისთვის, iPhone-ის შემქმნელის ერთი აქციის ფასი დაახლოებით $190-ს შეადგენს.
არ არის გამორიცხული, რომ $3-ტრილიონიანი ნიშნულის გადამლახავი კომპანიების რიცხვს მალე ნახევარგამტარების მწარმოებელი Nvidia შეუერთდეს, რომელიც ბოლო პერიოდია, აქციების ღირებულებით რეკორდს რეკორდზე ხსნის. ამაზე გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმი და, შედეგად, ინვესტორების მხრიდან ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავლის მნიშვნელოვანი მატების მოლოდინი.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ზრდის მიხედვით 2023 წელს საუკეთესო შედეგი სწორედ Nvidia-ს ეკუთვნის. გასული წლის განმავლობაში მისი აქციების ღირებულება 239%-ით გაიზარდა. ჩიპების მწარმოებელი ზრდას მიმდინარე წელსაც განაგრძობს და საბაზრო კაპიტალიზაციით უკან უკვე ჩამოიტოვა Saudi Aramco, Amazon-ი და Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი.
მოცემული დროისთვის, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 2.824 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. შედეგად, ის ამჟამად მე-3 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. ბოლო მონაცემებით, Nvidia-ს ერთი აქციის ღირებულება $1,148-ს უტოლდება.
ცნობისთვის, ზემოხსენებულ სამ კომპანიასთან ერთად ტრილიონიან ნიშნულს ასევე აჭარბებს Alphabet-ის (Google), Amazon-ის, Saudi Aramco-სა და Meta Platforms-ის ღირებულება.
ტოპ-10 საჯარო კომპანია საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით:
- Microsoft – $3.189 ტრილიონი
- Apple – $2.917 ტრილიონი
- Nvidia – $2.824 ტრილიონი
- Alphabet (Google) – $2.181 ტრილიონი
- Amazon – $1.894 ტრილიონი
- Saudi Aramco – $1.882 ტრილიონი
- Meta Platforms – $1.203 ტრილიონი
- Berkshire Hathaway – $872.40 მილიარდი
- TSMC – $800.51 მილიარდი
- Eli Lilly – $771.28 მილიარდი