ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმის, „Top Gun: Maverick“-ის გლობალურმა შემოსავალმა 1$-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა და მოცემული დროისთვის $1.006 მილიარდს შეადგენს. შედეგად, მან კინოსურათს „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ ($947 მილიონი) გადაუსწრო და 2022 წელს გამოსული ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსი დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ „Top Gun: Maverick“-ი გასულ უიკენდამდე უკვე გახდა წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით. აშშ-ისა და კანადის კინოთეატრების სალაროებიდან ფილმმა ამ დრომდე $521 მილიონის შეგროვება შეძლო. აქვე გეტყვით, რომ კინოსურათის ბიუჯეტი 170 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, „Top Gun: Maverick“-ის პრემიერა 28 აპრილს შედგა, საშინაო დებიუტი კი ფილმს 27 მაისს ჰქონდა. მან აშშ-ისა და კანადის კინოთეატრებში გამოჩენიდან პირველ უიკენდზე $124-მილიონიანი შემოსავალი მიიღო და აღნიშნული კუთხით მესამე ადგილი დაიკავა. საშინაო დებიუტისას მიღებული შემოსავლის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა ფილმი „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ ($187,4 მილიონი) , მეორე პოზიციაზე კი – „ბეტმენი“ ($134 მილიონი).