გუშინ, 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად სასტუმროს მიმდებარედ არსებული კოტეჯები და სხვა სახის შენობა-ნაგებობები მოწყვეტილი მიწის მასით დაიფარა. სასტუმროს ძირითადი შენობა კი არ დაზიანებულა.
სტიქიის ზონაში უკვე მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და 400-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.
სამძებრო სამუშაოებში გუშინვე ჩაერთო Mi-8 ტიპის სამაშველო-სატრანსპორტო შვეულმფრენი, რომელიც სტიქიის ადგილიდან მოსახლეობისა და დამსვენებლების ევაკუაციას ახორციელებდა. ვერტმფრენმა დაღამებამდე 150-მდე ადამიანის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლო, თუმცა ღამით მეტეოროლოგიური პირობებისა და სიბნელის გამო შეზღუდული მხედველობის მიზეზით ოპერირება შეწყვიტა. ვერტმფრენმა მუშაობა დილიდან განაახლა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც პოლიციელებთან და მაშველებთან ერთად უსაფრთხო ადგილზე იმყოფებოდნენ. თუმცა ამჟამად 30-ზე მეტ ადამიანთან კონტაქტი ვერ ხერხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, დილის 06:00-დან სამაშველო ღონისძიებებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს ართულებს ისიც, რომ მეწყრის გამო მაშველები ტერიტორიაზე ვერ გადაადგილდებიან. შესაბამისად, სპეციალური ტექნიკის საშუალებით ადგილზე მიმდინარეობს გზისა და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოებიც.
გეოლოგების განმარტებებით, მეწყრის შედეგად 5 მლნ-ზე მეტი კუბური მეტრის მყარი მასა მოვიდა დინამიკაში.
ცოტა ხნის წინ მედიასთან განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც სტიქიის ზონა მოინახულა. მისი ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად 7 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჯარი ჩაერთვება. მისივე განცხადებით, ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.