ტრამპი ზელენსკის აკრიტიკებს და უკრაინას ფაქტობრივად ომის დაწყებაში ადანაშაულებს

ტრამპი ზელენსკის აკრიტიკებს და უკრაინას ფაქტობრივად ომის დაწყებაში ადანაშაულებს

საუდის არაბეთში ამერიკული და რუსული დელეგაციების შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ ისაუბრა. ტრამპმა ზელენსკის “ცუდი მომლაპარაკებელი“ და “არაკომპეტენტური” უწოდა. ტრამპმა საუდის არაბეთში გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა და უკრაინის გარეშე მოლაპარაკებების გამართვის შესახებ განმარტება გაავრცელა.

“დღეს მოვისმინე: “ო, ჩვენ არ მოგვიწვიეს”, — განაცხადა ტრამპმა, — “ამისთვის სამი წელი გქონდათ. სამი წელი! ამ სამ წელში ეს უნდა დაგესრულებინათ. ამ მდგომარეობაში საერთოდ არ უნდა აღმოჩენილიყავით. ეს არ უნდა დაგეწყოთ. შეთანხმება უნდა მოგეხერხებინათ”.

საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებიდან უკრაინის გამოკლებას ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერებიც გამოეხმაურნენ.

სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპი უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობის საკითხსაც შეეხო. მისი აზრით, ომში შეთანხმების მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ უკრაინაში არჩევნების ჩატარებაა: “ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ უკრაინაში არჩევნები დიდი ხანია არ ჩატარებულა; რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული; რომ უკრაინის ლიდერის მხარდაჭერის რეიტინგი 4%-მდე დაეცა”— განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ეყრდნობოდა მისი მტკიცება.

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის რეიტინგი ომის პირველ დღეებთან შედარებით შემცირებულია, ის კვლავაც ინარჩუნებს უკრაინელთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას — გასულ თვეს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მას 52% უჭერს მხარს.

ახლახან აშშ-ისა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სურვილის შესახებაც გახდა ცნობილი. დონალდ ტრამპის განცხადების თანახმად, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შესაძლოა მიმდინარე თვის ბოლოს შედგეს.