ფედერალური მთავრობა შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრებ მიგრანტებს, ქვეყნის დასატოვებლად, $1000-ს სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გააკეთა. დეპარტამენტის შეფასებითვე, აღნიშნული პროგრამა დეპორტაციის ხარჯებს 70%-ით, საშუალოდ $17,121-ით ამცირებს.
ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, მიგრანტები, რომლებიც Customs and Border Protection Home App-ის საშუალებით, აშშ-ის მთავრობას ქვეყნის დატოვების შესახებ აცნობებენ, თავიანთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ – სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო ფინანსურ დახმარებასთან ერთად – $1000-ს მიიღებენ.
დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ილეგალი მიგრანტები, რომლებიც თვითდეპორტაციას აირჩევენ, ან დაამტკიცებენ, რომ ქვეყნის დასატოვებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ, მომავალში აშშ-ში ლეგალურად დაბრუნებას ბევრად მარტივად შეძლებენ.
ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, წელს აშშ-დან 142,000 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა. მათ შორის იყვნენ მიგრანტები, რომელთაც CBP One-ის აპლიკაციის საშუალებით თვითდეპორტაციას მიმართეს.
თუმცა იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, დეპორტირებულთა რიცხვმა მხოლოდ 66,000 პირს მიაღწია, რაც ოფიციალურ რიცხვებს ეჭვქვეშ აყენებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.