ტრამპმა საპასუხო ტარიფების დაწესების მემორანდუმს ხელი მოაწერა

ტრამპმა საპასუხო ტარიფების დაწესების მემორანდუმს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპასუხო ტარიფების სია გამოაქვეყნა, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან შევა. პრეზიდენტის განმარტებით, საპასუხო ტარიფების დაწესება გლობალურ ვაჭრობაში ბალანსს შემოიტანს, ეკონომისტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ში ინფლაციას გაზრდის.

„გადავწყვიტე, რომ, სამართლიანობის მიზნით, საპასუხო ტარიფები დავაწესო. უმეტეს შემთხვევაში, ისინი იმაზე დიდ გადასახადს გვიწესებენ, ვიდრე ჩვენ ვუწესებთ მათ. მაგრამ ეს დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა საპასუხო ტარიფების მემორანდუმზე ხელმოწერისას.

დონალდ ტრამპის განცხადებით, საპასუხო ტარიფები თითოეულ სავაჭრო პარტნიორზე იქნება მორგებული და ისეთი სახის არასატარიფო გადასახადსაც შეეხება, როგორიც დამატებითი ღირებულების გადასახადია.

აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, მთავრობა საპასუხო ტარიფების დაწესების ბაზრის ანალიზს 1-ელი აპრილისთვის დაასრულებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებს.

ტრამპის მიერ პარტნიორი სახელმწიფოებიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესება აშშ-ის ბაზარზე მათ ფასს გააძვირებს, რაც მომხმარებლებისთვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს. Deutsche Bank-ის პროგნოზით, ტარიფების საშუალოდ 3.3%-ით ზრდა სამომხმარებლო დანახარჯებს წლიურად მინიმუმ 0.5%-ით გაზრდის, რაც საბოლოო ჯამში ინფლაციაზე უარყოფითად აისახება.