ავსტრალიურმა კომპანია AMSL Aero-მა, მისი ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სამგზავრო ელექტროთვითმფრინავის, იმავე eVTOL-ის პირველი საცდელი ფრენა განახორციელა. თვითმფრინავი სახელწოდებით Vertiia, მგზავრებისთვის უსაფრთხო ფრენის შეთავაზებასა და საცობებით წარმოქმნილი დისკომფორტის შემსუბუქებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ Vertiia eVTOL-ის ინდუსტრიის ერთ-ერთი ბოლო ახალწვეულია, რომელიც კონკურენციას ბაზრის ისეთ მოთამაშეებს გაუწევს, როგორიც Jetoptera და ARC Aerosystems-ია. კონცეფცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას არა მხოლოდ მისი ავსტრალიური წარმომავლობის, არამედ ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური დიზაინის გამოც იძენს, რომელსაც თვითმფრინავის ყუთი-ფრთების ტიპის კონსტრუქცია განაპირობებს.
კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მისი უნიკალური აეროდინამიკური და სტრუქტურული დიზაინის კომბინაციის წყალობით, თვითმფრინავი ბევრად უფრო ნაკლებ ენერგიასაც გამოიყენებს. Vertiia, რომელიც წყალბადის საწვავზე მუშაობასაც შეძლებს, ხუთამდე მგზავრის გადასაყვანადაა განკუთვნილი.
კომპანიის მტკიცებით, Vertiia, მისი ენერგოეფექტიანი დიზაინიდან გამომდინარე, მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი ვერტიკალური აფრენისა და დაშვების ელექტროთვითმფრინავია. eVTOL-ის მაქსიმალური სიჩქარე 300კმ/საათს უტოლდება, მხოლოდ ელექტრობატარეით კი, მის ხელახლა დატენამდე, 250 კილომეტრის გავლა შეუძლია. თვითმფრინავის ფრენის დიაპაზონი, რომელსაც ვერტმფრენის მსგავსად აფრენა და დაშვება შეუძლია, შესაძლებელია წყალბადის საწვავის გამოყენებით, 1000კმ-მდეც გაფართოვდეს.
ცნობისთვის, ავსტრალიური კომპანია თვითმფრინავის გამოყენებას აერომედიცინის, გადაუდებელი სასწრაფო მომსახურებისა და სამგზავრო მიზნებისთვის გეგმავს. თუმცა AMSL Aero სხვა სფეროებსაც განიხილავს, სადაც ავსტრალიის მსგავს დიდ ტერიტორიაზე მათი თვითმფრინავი გამოსადეგი იქნება. მათ შორის, AMSL Aero-ს თანადამფუძნებლის ენდრიუ მურის განცხადებით, სიდნეიში, მელბურნსა და ბრისბენში ბევრი ადამიანი მოხარული იქნება, თუ სახლიდან სამსახურში ტაქსით გასავლელ დროს საჰაერო ტრანსპორტით შეამოკლებს.