თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ცენტრალური აზიის, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სარკინიგზო სამსახურების ხელმძღვანელებმა ქვეყნებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების პოტენციალი განიხილეს. სატვირთო მიმოსვლის გაზრდის, სატრანსპორტო მარშრუტისა და საერთაშორისო მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების საკითხებზე CASCA+ ფორმატში იმსჯელეს.
მედიასააგენტო „ნეიტრალური თურქმენეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ტრანსპორტის მინისტრები, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ლოგისტიკური კომპანიის წარმომადგენლები და მწარმოებლები ესწრებოდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ გზებისა და მარშრუტების მულტიმოდალობა, რომელიც მრავალი ქვეყნის ტერიტორიას კვეთს და ორ ზღვაზე გადის, დერეფნის ეფექტიანად გამოყენებას შესაძლებელს ხდის. 2019 წელს მარშრუტის ამოქმედებიდან დღემდე, კორიდორში 30,000 კონტეინერი გადაადგილდა.
ფორუმის მონაწილეების მიზანი აღნიშნული ტვირთბრუნვის წლიურად 30,000-მდე გაზრდაა. მსგავსი სახის ინიციატივები ტვირთების დივერსიფიკაციისა და მოცულობის გასაზრდელად ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
შეგახსენებთ, რომ CASCA+ მარშრუტს საფუძველი 2019 წელს ტაშკენტში ზემოხსენებული ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე ჩაეყარა. თურქეთი კი პროექტს 2021 წლის დეკემბერში შეუერთდა. ცნობისათვის, დასახელებაში ნიშანი „+“აღნიშნავს გაერთიანების მზაობას, მხარი დაუჭიროს ფორმატის გაფართოებას. პროექტის გლობალური მიზანი ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო კავშირის გაძლიერება და სრულყოფაა.