ცენტრალიზაცია ბაზრის წინააღმდეგ

ცენტრალიზაცია ბაზრის წინააღმდეგ

„დეცენტრალიზაციას არა მხოლოდ ადმინისტრაციული ღირებულება, არამედ სამოქალაქო განზომილებაც აქვს, რადგანაც ის მოქალაქეების საჯარო საქმეებით დაინტერესების შესაძლებლობას აფართოებს. დეცენტრალიზაცია მოქალაქეებს თავისუფლების გამოყენებას აჩვევს. ამ ადგილობრივი, აქტიური, წვრილმანი თავისუფლებების ერთად შეკრებით იბადება ცენტრალური ხელისუფლების პრეტენზიების საპირწონე, მეტად ეფექტიანი საშუალება, თუნდაც ის არა პიროვნული, არამედ კოლექტიური ნებით იყოს მხარდაჭერილი“

ალექსის დე ტოკვილი

საქართველოს მძიმე წარსული აქვს. სამოცდაათწლიანი ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც მემკვიდრეობით გამოჰყვა. ამ მდგომარეობის რეალური ცვლილების ნება არცერთი პოლიტიკური ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. პირიქით, ამ პერიოდში განხორციელებული ცვლილებების უმეტესობა ძალაუფლების მეტი ცენტრალიზაციისა და განმტკიცებისკენ იყო მიმართული. ასეთი რამ მოულოდნელი ნამდვილად არ არის, რადგან დეცენტრალიზაცია პოლიტიკური ძალაუფლების დათმობას ნიშნავს.

დეცენტრალიზაციის წინაპირობა სათანადო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობაა, რომლის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია, ადგილზე გადაწყვიტოს მისთვის მნიშვნელოვანი და საერთო ინტერესების მქონე საქმეები.

„ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთაგან განიგებოდეს“, – ილია ჭავჭავაძე, „ცხოვრება და კანონი“, წერილი მეოთხე.

მმართველობის დეცენტრალიზაციის შედეგი კი თვითმმართველობაა. თავად ადგილობრივი თვითმმართველობა კომპლექსური და მრავალგანზომილებიანი ინსტიტუტია, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული, უმეტესად თანაბარმნიშვნელოვანი კომპონენტების ერთობლიობას წარმოადგენს. დეცენტრალიზებული მმართველობა კი მთელი რიგი უპირატესობებითა და სიკეთეებით გამოირჩევა.

დეცენტრალიზაცია როგორც პოლიტიკურის, ასევე ფისკალური ძალაუფლების ადგილობრივ დონეზე გადაცემას მოიაზრებს, რომელიც სარგებლიანი ხდება სამი ძირითადი საშუალებით: ადგილობრივ ერთეულებს შორის კონკურენცია, ადგილობრივ დონეზე ინფორმაციული უპირატესობა და პრეფერენციების უფრო მაღალი ჰომოგენურობა. მეორე მხრივ, დეცენტრალიზაცია რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

ფისკალური დეცენტრალიზაცია, ხარჯების მიხედვით
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

მოსახლეობას საჯარო მომსახურებას რაც უფრო ახლოს მდგომი ხელისუფლება აწვდის, მით უფრო ეფექტიანი და ეფექტურია. შესაბამისად, დეცენტრალიზაციის პირობებში საჯარო რესურსები შედარებით ყაირათიანად იხარჯება. ეს კი განპირობებულია ადგილობრივი ორგანოების ინფორმაციული უპირატესობითა და მოსახლეობის საჭიროებებისადმი მეტად მოქნილობით. ამასთან, სწორედ ამგვარი მმართველების პირობებშია შესაძლებელი პირდაპირი მონაწილეობა მმართველობაში და, შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოების კონტროლის უფრო მეტი მექანიზმიც არსებობს.

დეცენტრალიზაციის პირობებში ადგილობრივი პოლიტიკა რეალურად ადგილზე განისაზღვრება, რაც ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების ჩამოყალიბების სათანადო საფუძველს ქმნის. ეს კი პოლიტიკური კლასის განვითარებასა და სტაბილურობას უწყობს ხელს.

პოლიტიკური და ფისკალური ძალაუფლების დეცენტრალიზაციის ფუნქცია მხოლოდ ჩამოთვლილით არ ამოიწურება, რადგან ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინდივიდუალური თავისუფლების განმტკიცებასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ინდივიდუალური თავისუფლების შენარჩუნება ძალაუფლების კონცენტრაციის აღმოფხვრას მოითხოვს. ამის მექანიზმი სამართლის უზენაესობა, ძალაუფლების „ჰორიზონტალური“ (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) დაყოფაა. თუმცა ეს უკანასკნელი შეზღუდული ძალაუფლებისთვის არასაკმარისია, რადგან არსებობს აღსრულების პრობლემა. დეცენტრალიზაცია ძალაუფლების „ვერტიკალური“ განაწილებაა და ხელისუფლების შებოჭვის თვითაღსრულებადი მექანიზმია. ამგვარი მოწყობა ადგილობრივი ხელისუფლების ერთეულებს შორის კონკურენციის არსებობას გულისხმობს. ასეთ პირობებში ხელისუფლების ორგანოებს აქვთ სტიმული, უზრუნველყონ თავიანთი ვალდებულებების სანდოობა. მთავრობის არასწორი ნაბიჯები დასჯილი იქნება, სწორი კი – დაჯილდოებული. ეს აუცილებელია წარმატებული ბაზრისთვის.

„თვითმმართველობამ რომ თავისი ჩვეულებრივი ნაყოფი მოიტანოს და თავის თავს არ უმტყუნოს, მისდა შესაფერისად უნდა იყოს მოწყობილი და დარგული. ამ მოწყობაში არც ერთი მისი არსებითი კუთვნილება დავიწყებული არ უნდა იქმნას, არც ერთი ძირეული აზრი არ უნდა დაირღვეს. თუ ეს სიფრთხილე არ იხმარა ადამიანმა, თვითმმართველობა უფრო უქმი სიტყვა იქნება, უფრო სახელი იქნება, ვიდრე სახრავი“, – ილია ჭავჭავაძე, „ცხოვრება და კანონი”, წერილი მეოთხე.

ამჟამად თვითმმართველობა სწორედ უქმი სიტყვაა და არა სახრავი. ეს კი ყველაზე კარგად საჯარო ფუნქციებისა და ამ უკანასკნელის ხარჯების განაწილებაში ჩანს. კერძოდ, სუბნაციონალური მთავრობების საკუთარი ხარჯების ერთიანი ბიუჯეტის გადასახდელებთან ფარდობა.

საქართველო დეცენტრალიზაციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ერთიანი ბიუჯეტის შემოსავლებში ადგილობრივი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების წილი მხოლოდ 4%- ია, ადგილობრივი ბიუჯეტების საკუთარი შემოსავლების წილი კი – 6%. სუბნაციონალური მთავრობების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამოუკიდებლად დაგეგმილი ხარჯების წილი 17%-ს არ აღემატება. ეს კი დეცენტრალიზაციის დაბალ დონეზე მიუთითებს, რადგან ევროპის კავშირის საშუალო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ ჩამორჩება. იმ კავშირის, რომლის წევრობის კანდიდატის სტატუსს უკვე ფლობს საქართველო და მიისწრაფვის სრული ინტეგრაციისთვის.

ევროპული ოჯახის წევრობა ევროპულ წესრიგს მოითხოვს, რომლისთვისაც საქართველოს დეცენტრალიზაციის მიმართულებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.