საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 7.7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 7.7%-ით გაძვირდა. 2011 წლის შემდეგ საქართველოში წლიური ინფლაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.
მაისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: მწვანე ლობიოზე 79%-ით, კომბოსტოზე 26%-ით, სტაფილოზე 15%-ით, ხახვზე 11%-ით, ზეთზე – 7.5%-ით, ბენზინზე 5%-ით. ყველაზე მეტად კი კიტრი გაიაფდა, 58%-ით.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ზეთი გაძვირდა – 85%-ით. ბენზინი 43%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვა 13.4%-ით, ავეჯი და საოჯახო ნივთები 12%-ით, კაფეების და რესტორნების მომსახურება -11,7%-ით. სურსათიდან 20%-ზე მეტად გაძვირდა მწვანე ლობიო, შაქარი, წიწიბურა, მარგარინი, კვერცხი და მწვანილი.