დონალდ ტრამპის განცხადებით, ნახევარგამტარების მწარმოებელი ტაივანური კომპანია აშშ-ში დამატებით $100 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. მისი დიდი ნაწილი სხვადასხვა შტატში ნახევარგამტარების ხუთი ახალი ქარხნის აშენებას მოხმარდება.
Taiwan Semiconductor Manufacturing Co ჩიპების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და აშშ-ის ელექტრომოწყობილობების მწარმოებლების მთავარი მიმწოდებელი. მთლიანობაში, ტაივანი ჩიპების წარმოების მთავარ ლოკაციას წარმოადგენს. ჩინეთის სურვილი ტაივანის სუვერენიტეტის დამხობასთან დაკავშირებით კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინდუსტრიას საფრთხის ქვეშ აყენებს. ამ მიზეზით, ტრამპის გეგმა ჩიპების წარმოების აშშ-ში გადმოტანაა. TSMC-ის $100-მილიარდიანი ინვესტიციაც ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.
„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩიპები და ნახევარგამტარები, რომლებიც გვჭირდება, ადგილობრივად ვაწარმოოთ. ეს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
TSMC-ის აღმასრულებელი დირექტორის, სი სი ვეის განმარტებით, ინვესტიციის შედეგად აშშ-ში აშენდება ჩიპების მწარმოებელი სამი ახალი ქარხანა, ორი ახალი შესაფუთი საწარმო და კვლევა-განვითარების ცენტრი. ამასთან, TSMC მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ში 40,000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.
ჩიპების წარმოების ადგილობრივად გადატანა აშშ-ის ტაივანზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. გარდა ამისა, TSMC-ის წარმოების შტატებში გადატანა მიწოდების ჯაჭვში არსებულ შეფერხებებსაც აღმოფხვრის.