Twitter-ი გაქრობადი პოსტების ფუნქციას ტესტავს

Twitter-ი გაქრობადი პოსტების ფუნქციას ტესტავს

Twitter-ი მომხმარებლებს ახალ ფუნქციას სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სოციალურ ქსელს დაემატება ე.წ Fleets-ის ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარად დაწერილი პოსტი 24 საათში ავტომატურად გაქრება. კომპანია ახალ ფუნქციას სატესტო რეჟიმში უშვებს, რომლის ფარგლებშიც Fleets-ი ჯერ მხოლოდ ბრაზილიაშია ხელმისაწვდომი.

ჩვეულებრივი ტვიტებისგან განსხვავებით, Fleets-ის გადაზიარება, მოწონება და მასზე კომენტარის გაკეთება არ იქნება შესაძლებელი. ის ამ მხრივ ძალიან ჰგავს Instagram-ის და Facebook-ის ე.წ Stories-ს. მსგავსი ფუნქცია სულ პირველად 2013 წელს სოციალურმა ქსელმა  Snapchat-მა დანერგა.

აღსანიშნავია, რომ Fleets-ი მომხმარებლის პირად გვერდზე არ გამოჩნდება ისე, როგორც რეგულარული ტვიტები. მისი ნახვა შესაძლებელი იქნება კონკრეტული ადამიანის ავატარზე დაკლიკებით.

“ადამიანები ხშირად გვეუბნებიან, რომ თავს არ გრძნობენ კომფორტულად მაშინ როდესაც თავიანთი ტვიტები ყველასთან ჩანს და ყველას შეუძლია მასზე კომენტარის გაკეთება, ასევე მუდმივია. ვიმედოვნებთ, რომ Fleets-ი დაეხმარება მომხმარებელს გაგვიზიარონ ის მოსაზრებები, რომელთა დატვიტვასაც არ ისურვებენ“, – განაცხადა Twitter-ის წარმომადგენელმა კაივონ ბეიკპურმა.

CNN