უძრავი ქონების პლატფორმა Georgia Real Estate-ი განახლებული სტრატეგიით განაგრძობს მუშაობას

უძრავი ქონების პლატფორმა Georgia Real Estate-ი განახლებული სტრატეგიით განაგრძობს მუშაობას

უძრავი ქონების პლატფორმა Georgia Real Estate-ი ოპერირებას განახლებული სტრატეგიით განაგრძობს. კომპანიას ამიერიდან ახალი გენერალური დირექტორი, გიორგი ვახტანგიშვილი უხელმძღვანელებს.

Georgia Real Estate-ი საქმიანობას ძირითადად, დეველოპერული მიმართულებით განაგრძობს. კომპანიის საქმიანობის სფერო აღარ იქნება სამშენებლო ბიზნესი. განახლებული სტრატეგიის მიზანია სამშენებლო რისკების დივერსიფიკაცია,  რის შედეგადაც m2  ბაზარზე მოქმედ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ m2 განიხილავს ახალი პროექტების განხორციელებას, ასევე განაგრძობს და დაასრულებს მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გელოვანზე (m3), და სამშენებლო კომპანია “სვეტის“ მშენებლობებს მირცხულავაზე, ჭყონდიდელსა და ნუცუბიძის ქუჩებზე.

„მიხარია, რომ დავუბრუნდი გუნდს, რომელსაც დეველოპერული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ამას m2-ის არაერთი წარმატებული პროექტი ადასტურებს. შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მოქნილი სისტემა, კომპანიის მთავარი ღირებულებებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, „სვეტის“ სამი მიმდინარე პროექტის დასრულება, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადმოვიბარეთ.“ – აცხადებს Georgia Real Estate – ის გენერალური დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი.

„მოხარული ვარ, რომ განახლებული სტრატეგიით, უცვლელი ძირითადი გუნდით და გიორგი ვახტანგიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც 2013-2015 წლებში m2-ის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, m2 დეველოპერული მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდება.“ – აცხადებს Georgia Real Estate – ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური.