უიტნი ჰერდი - გაცნობის აპლიკაცია BUMBLE-ის მილიარდერი დამფუძნებელი

უიტნი ჰერდი - გაცნობის აპლიკაცია BUMBLE-ის მილიარდერი დამფუძნებელი

როდესაც უიტნი ვულფ ჰერდი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი გაცნობის აპლიკაციის კომპანიისათვის ოქტომბერში დაგეგმილი წვეულების ორგანიზებას შეუდგა, წვეულებისათვის სწორი ადგილის შერჩევას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა: მანჰეტენზე მდებარე სივრცე, სადაც 57 წლის მანძილზე Four Seasons-ის ქსელის რესტორანი იყო განლაგებული და რომლის მუდმივ კლიენტთა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორიცაა ჰენრი კისინჯერი, ვერნონ ჯორდანი, ედგარ ბრონფმანი და სტეფან შვარცმანი, ყველაზე მისაღები ადგილი აღმოჩნდა ლანჩის ტიპის წვეულებისათვის.

ამ ადგილს უკვე ახალი სახელწოდება, ახალი მმართველი, სრულიად ახალი მენიუ და, როგორც ჰერდი ამტკიცებს, ბიზნესისადმი სრულიად ახალი მიდგომა აქვს. “საქმიანი ლანჩი რა ხანია უკვე, მხოლოდ მამაკაცებისათვის აღარ არის – განუცხადა ჰერდმა ძირითადად ახალგაზრდა ქალბატონებისგან შემდგარ აუდიტორიას, ვიდრე სცენაზე პოპვარსკვლავ ფერგის მიიწვევდა. – ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ადგილს ამ მაგიდასთან”.

28 წლის ჰერდს, რომელმაც სრულიად შეცვალა გაცნობის დინამიკის შინაარსი, უდავოდ გარანტირებული აქვს ადგილი ამ მაგიდასთან. კომპანია Bumble-მა ქალებს საშუალება მისცა, თავად გადაედგათ პირველი ნაბიჯი, რითაც აპლიკაციის რეგისტრირებულ მომხმარებელთა რიცხვმა 22 მილიონს მიაღწია და თავის ყველაზე დიდ კონკურენტ Tinder-ს მიუახლოვდა, რომელსაც, თავის მხრივ, 46 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ Bumble-ის რეგისტრირებულ მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე 70%-ზე მეტით იზრდება, ხოლო Tinder-ის საშუალოდ 10%- ით, ეს განსხვავებაც მალე უკვე აღარ იარსებებს.

კომპანია Bumble-მა აპლიკაციის მეშვეობით გაყიდვა მხოლოდ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და წელს უკვე მისი გაყიდვები $100 მილიონს გადააჭარბებს. ნავარაუდებია, რომ 2018 წლისათვის ზუსტად მორგებული და ჰიპერლოკალური სარეკლამო კამპანიის წყალობით ეს ციფრი გაორმაგდება.

საქმეში ჩახედული წყაროს ინფორმაციით, წლის დასაწყისში ჰერდმა უარი განაცხადა Match Group- ის $ 450-მილიონიანი შესყიდვის შემოთავაზებაზე. იმავე წყაროს მტკიცებით, ამ შემოდგომას კომპანია Match-მა $1-მილიარდიანი შეთავაზება გაუკეთა Bumble-ს. ჟურნალ Forbes-ის “30 Under 30”-ის ნომინანტი იტოვებს კომპანიის 20%-იან წილს, რომელიც 100 მილიონს აჭარბებს (კომპანია Match-ი უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე).

შეიძლება ითქვას, რომ ეს უიტნი ვულფ ჰერდის განსაცვიფრებელი დაბრუნებაა. ერთ დროს კომპანია Tinder-ის თანადამფუძნებელი და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც სრულიად გარდაქმნა გაცნობისა და დაწყვილების კულტურა, სმარტფონების ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატების ისტორიის ნაწილი, მოგვიანებით კი ამავე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჯარო დრამის მონაწილე გახდა.

2014 წლის ივნისში ჰერდმა Tinder-ის წინააღმდეგ სექსუალური შეურაცხყოფის ბრალდებით სარჩელი შეიტანა. იგი ადანაშაულებდა თავის ყოფილ უფროსს და ყოფილ შეყვარებულს ჯასტინ მატინს იმაში, რომ ეს უკანასკნელი მას “ბოზსა” და “ფულზე მონადირეს” უწოდებდა და ასევე უგზავნიდა მუქარის შემცველ და დამამცირებელ ტექსტურ შეტყობინებებს, რომლებიც მან სარჩელს მტკიცებულების სახით დაურთო. ჰერდი ასევე ადანაშაულებდა IAC-ის, ხოლო მოგვიანებით Match Group-ის სპინოფის მფლობელობაში გადასულ კომპანია Tinder-ს მისთვის თანადამფუძნებლის ტიტულის უკანონო ჩამორთმევაში.

კომპანიამ უარყო მისი მხრიდან ნებისმიერი სახის უკანონო ქმედება, სამაგიეროდ ჯასტინ მატინს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება და მოგვიანებით იგი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. Tinder-ის იმჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა შონ რედმა 2014 წელს ჟურნალ Forbes-ს განუცხადა, რომ ჰერდი ნაწილობრივ თავად იყო დამნაშავე მატინთან წარმოქმნილ კონფლიქტში. სასამართლო დავა მალევე მოგვარდა. Forbes-ის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ჰერდმა კომპენსაციის სახით დაახლოებით $1 მილიონი მიიღო. (შეთანხმება მხარეებს საქმესთან დაკავშირებული დეტალების განხილვას უკრძალავს).

კომპანია Bumble-ის კანონიერ დამფუძნებელთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს. Tinder-ზე განაწყენებას, ჰერდმა მისთვის კონკურენციის გაწევა ამჯობინა და ამით დაგვიანებით შეაბიჯა ყველაზე გადატვირთულ და კარგად დამკვიდრებულ ციფრულ სფეროში (ონლაინგაცნობის სტარტაპების 90% კრახით ასრულებს). მიუხედავად ყველაფრისა, მან საკმაოდ მოგებიანი სივრცის შექმნა ერთ კონკრეტულ სეგმენტზე – ქალებზე ფოკუსირებით მოახერხა.

Bumble-ის მომხმარებელთა 10%-ზე მეტი იხდის ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს $9.99-ის ოდენობით იმისათვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ისეთი დამატებითი პრივილეგიები, როგორიცაა, მაგალითად, დამატებითი დრო გზავნილების შესაფასებლად. საინვესტიციო კომპანია Jefferies-ის ინფორმაციით, Tinder-ის მომხმარებელთა მხოლოდ 5% იხდის სააბონენტო გადასახადს იმავე სერვისით სარგებლობისათვის. რა თქმა უნდა, ჰერდის წარმატებას ისიც უწყობს ხელს, რომ მისი სამიზნე სეგმენტი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს.

“მე არაფრის და არავის მიმართ არ მაქვს გულში წყენა და ღვარძლი – ამისათვის ძალზე დაკავებული ვარ”, – ამბობს ჰერდი. მაგრამ თუკი წარმატება შურისძიების საუკეთესო ფორმაა, მაშინ სამ წელიწადში მიღწეული ცხრანიშნა მოგება ალბათ სწორედ ის რევანშია, რომლის შესახებაც ფილმებს იღებენ.

გზა, რომელმაც ჰერდი კომპანია BUMBLE-ის შექმნამდე მიიყვანა, სრულიად დაუგეგმავი იყო. Tinder-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელისა და შემდეგ მიღწეული შეთანხმების პერიოდში, ჰერდი ისეთი სახის ონლაინშევიწროებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა, როგორიც საკუთარ თავზე გამოსცადა არაერთმა ქალბატონმა, ვისაც ოდესმე საჯაროდ განუცხადებია სექსუალური შევიწროების შესახებ. “ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები საზარელ რაღაცებს მწერდნენ და ჩემ შესახებ ვრცელ ფორუმებს მართავდნენ, – ჰყვება ჰერდი. – მე არც კენჭს ვიყრიდი და არც რეალიტი-შოუში მონაწილეობა მსურდა. მე უბრალოდ ერთი გოგონა ვიყავი, რომელიც საიდანღაც წამოვიდა”.

როდესაც ეს შეურაცხყოფა გაუპატიურებისა და მოკვლის მუქარებში გადაიზარდა, მან თავისი Twitter-ის ექაუნთი გააუქმა. ამის შემდეგ ჰერდს პანიკური შეტევები და პარანოია დაეწყო. სოლტ-ლეიკ-სიტის მკვიდრი, რომელიც ჯერ კერძო სკოლაში, ხოლო მოგვიანებით დალასის მეთოდისტურ უნივერსიტეტში სწავლობდა (სადაც ჰერდამდე მისი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლები სწავლობდნენ) საცხოვრებლად ტეხასში გადავიდა თავის იმჟამინდელ შეყვარებულ და ამჟამად მეუღლე მაიკლ ჰერდთან ერთად.

“სრულიად განადგურებული ვიყავი”, – იხსენებს ჰერდი. იგი შეეცადა, გადატანილი ტრავმისათვის რაიმე შინაარსი მოეძებნა და სწორედ მაშინ დაიწყო მხოლოდ ქალებისათვის განკუთვნილი სოციალური ქსელის მონახაზზე მუშაობა. სახელწოდებაც კი შეურჩია – “Merci”. აღნიშნული სოციალური ქსელი მთლიანად პოზიტივზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. “არანაირი კომპლიმენტები გარეგნობასთან დაკავშირებით, – ამბობს ჰერდი. – კომპლიმენტები მხოლოდ პიროვნული თვისებებისა და შინაგანი სამყაროსკენ უნდა ყოფილი მიმართული”.

მოგვიანებით მან სრულიად უცნობი მისამართიდან მიიღო ელექტრონული წერილი, რომლის ავტორიც რუსული წარმომავლობის ვინმე ანდრეი ანდრეევი აღმოჩნდა. მოსკოვში დაბადებულმა და ლონდონში მცხოვრებმა ანდრეევმა 2006 წელს დააარსა ონლაინგაცნობის ქსელი Badoo, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გაცნობის პლატფორმას წარმოადგენს. კომპანია Badoo-ს 190 სხვადასხვა ქვეყანაში 360 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

ჰერდი და ანდრეევი ერთმანეთს პირველად 2013 წელს, სადილზე შეხვდნენ, როდესაც ჰერდი ჯერ კიდევ Tinder-ში მუშაობდა. ჰერდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ანდრეევზე. “გულახდილად რომ გითხრათ, უმალ მოვიხიბლე უიტნის ენერგიითა და საქმისადმი ერთგულებით, – ამბობს ანდრეევი გამოკვეთილი რუსული აქცენტით. მან ერთგვარი განდეგილის რეპუტაციაც კი მოიხვეჭა იმის გამო, რომ იშვიათად თანხმდება ინტერვიუს მიცემაზე. – მივხვდი, რომ უიტნი ძალიან ძლიერი და ტრენდული ქალბატონი იყო და მე აუცილებლად უნდა მედევნა მისთვის თვალყური”.

როდესაც უიტნიმ მის წერილს პასუხი არ გასცა, ანდრეევის გუნდმა ელექტრონული წერილები დაუგზავნა ჰერდის ადვოკატებს. ანდრეევი ჰერდს სასამართო დავის წარმატებით დასრულებას უსურვებდა და ასევე მასთან მუშაობის სურვილს გამოთქვამდა. “თავდაპირველად მისთვის Badoo-ს მარკეტინგის უფროსის თანამდებობის შეთავაზება მინდოდა”, – ამბობს 43 წლის ანდრეევი.

აღმოჩნდა, რომ ჰერდი თავისი უმცროსი დის მონახულებას გეგმავდა, რომელიც პარიზში, კულინარიულ კურსებზე სწავლობდა. ჰერდმა გზად ლონდონში შეიარა. მას საერთოდ არ აინტერესებდა ანდრეევის შემოთავაზება სამსახურთან დაკავშირებით. “შეგიძლია იოცნებო, მე ვერავინ ვერ დამიქირავებს, – ასეთი პასუხი გასცა ჰერდმა ანდრეევს შეხვედრისას. – მე საკუთარი კომპანიის შექმნას ვაპირებ და აღარ მინდა გაცნობის სფეროში მუშოაბა”. თუმცა ჰერდს არც ის დავიწყებია, რომ ანდრეევისათვის Merci-ს შექმნის შესახებ თავისი იდეა გაეზიარებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ანდრეევს მოსწონდა ქალებზე ორიენტირებული სოციალური ბრენდის იდეა, მას მაინც მიაჩნდა, რომ ჰერდიც და თავადაც უნდა დარჩენილიყვნენ საკუთარი ციხესიმაგრის – გაცნობის სფეროს ერთგული. რამდენიმე დღის განმავლობაში ჰერდი და ანდრეევი ლონდონის ქუჩებსა და პარკებში სეირნობდნენ და ერთმანეთს საკუთარ იდეებს უზიარებდნენ. ანდრეევმა ჰერდს უთხრა, რომ სურდა, მისი მარკეტინგისა და ბრენდინგის თანდაყოლილი ნიჭი გაეერთიანებინა თითქმის ათწლეულის წინ დაარსებული კომპანია Badoo-ს მის ხელთ არსებულ ინფრასტრუქტურასთან, კაპიტალსა და რესურსებთან.

2014 წლის სექტემბერში Tinder-თან სასამართლო დავის მოგვარების შემდეგ, რომელიც ჰერდისთვის ძალზე ხელსაყრელად არ შეიცავდა კონკურენციის ამკრძალავ პუნქტს, იგი დათანხმდა ანდრეევის შემოთავაზებას. შეთანხმების მიხედვით, ანდრეევმა თავდაპირველად განახორციელა მარკეტინგის მიმართულებით ინვესტიცია $10 მილიონის ოდენობით და აიღო ვალდებულება, დამატებითი სახსრები გამოეყო კომპანიის შემდგომი ზრდისათვის, რის სანაცვლოდაც ანდრეევი კომპანიის 79%-იანი წილის მფლობელად იქცა. ჰერდი კომპანიის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და 20%-იანი მფლობელი გახდა მთელი იმ ავტონომიით, რომელსაც გულისხმობს ყველა მისი ჩამოთვლილი რეგალია. ამავდროულად ჰერდის განკარგულებაში იყო Badoo-ს ინფრასტრუქტურა და ანდრეევის ნოუ-ჰაუ.

Badoo-ს ინფრასტრუქტურაც და ანდრეევის ნოუ-ჰაუც საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდა. კომპანია Badoo-ს ათწლიანი მართვის შედეგად ანდრეევს მარკეტინგული A-B ტესტების, ფულის გამომუშავების სხვადასხვა მექანიზმისა და გაცნობის ბაზარზე უკონკურენტო მასშტაბის პროდუქტის შექმნის დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

როდესაც დადგა დრო, რომ მომხმარებლებისათვის გადასახადი დაეწესებინათ აპლიკაციის პრივილეგიებით სარგებლობისათვის, კომპანია Badoo-ს წყალობით Bumble-მა პირველივე დღიდან მოახერხა საწევრო სისტემის მხარდამჭერი თანამედროვე და დახვეწილი ტექნოლოგიის შექმნა.

იმ წელს, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჰერდმა დაახლოებით 15-ჯერ იმოგზაურა ტეხასსა და ლონდონს შორის. მათ Bumble-ში სამუშაოდ აიყვანეს ჰერდის ყოფილი კოლეგები Tinder-იდან კრის გულჟინსკი და სარა მიკი, რომელთაც ახალი აპლიკაციის მონაცემებზე წვდომის შრისა და მომხმარებლის ინტერფეისის შექმნა დაევალათ. (კრის გულჟინსკი და სარა მიკი აპრილში წამოვიდნენ კომპანიიდან და დააარსეს საკუთარი სააგენტო, თუმცა მათ “კომპანიის 1%-იანი წილი შეინარჩუნეს, რომელსაც ანდრეევი და ჰერდი არ ფლობენ.)

ერთ საღამოს ჰერდი კოლეგებთან ერთად კოქტეილებს მიირთმევდა, როდესაც თავში გენიალური იდეა მოუვიდა, რაც მოგვიანებით Bumble-ის განსაკუთრებულ ინგრედიენტად იქცა. “ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ სცენარზე, როდესაც ბიჭს არ ჰქონდა ჩემი ნომერი, ხოლო მე მისი ნომერი მქონდა. – ჰერდი იხსენებს, თუ როგორ უყვებოდა თავისი იდეის შესახებ ანდრეევს. _ რა იქნება, ქალებმა რომ გადადგან პირველი ნაბიჯი და მამაკაცს თავად გაუგზავნონ პირველი მესიჯი? და თუკი ისინი არ გაგზავნიან შეტყობინებას, მაშინ მათი დაწყვილება 24 საათის შემდეგ გაქრება როგორც კონკიას გოგრა და ეტლი. ეს ხომ სედი ჰოკინსის მეჯლისის მსგავსია, როდესაც ქალები თავად ირჩევენ პარტნიორს საცეკვაოდ. რა მოხდებოდა, ეს კომპონენტი ჩვენს პროდუქტში რომ ჩაგვედო?” სწორედ ეს გახლდათ ის გენიალური სიახლე, რომელიც მხოლოდ ისეთ ადამიანს მოუვიდოდა თავში, რომელიც თავად წარმოადგენს სამიზნე დემოგრაფიულ ჯგუფს.

კომპანიის სახელწოდებაზე ბევრი ფიქრის შემდეგ ჰერდი და ანდრეევი Bumble-ზე შეთანხმდნენ, რადგან ორივე დარწმუნებული იყო, რომ სკაც და ფუტკარიც მარკეტინგული თვალსაზრისით გაამართლებდა. აპლიკაციის გაშვება 2014 წლის დეკემბერში მოხდა და პირველივე თვეს 100,000-ზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა ახალი აპლიკაცია. “ქალები ამისათვის უკვე მზად იყვნენ, – ამბობს ინდუსტრიის კონსულტანტი დეივ ევანსი, რომელმაც ასობით ქალის ნაამბობი ჩაიწერა გაცნობის აპლიკაციასთან დაკავშირებული უარყოფითი გამოცდილების შესახებ. – წლების წინ ქალები შეშინდნენ, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა”.

Bumble-ში ისეთ უმნიშვნელო და მოსაწყენ მოვლენასაც კი, როგორიც არის ოფისის ქალაქის მეორე ნაწილში გადატანა, მარკეტინგულ შესაძლებლობად განიხილავენ. ტეხასის შტატში, კერძოდ ჩრდილოეთ ოსტინის სამოსახლო უბანში, სადაც კომპანია Bumble-ის ახალი მთავარი ოფისია განლაგებული, 40° სიცხეა. აგვისტოს პაპანაქების მიუხედავად, გამვლელები ჩერდებიან და აღტაცებით შესცქერიან შენობის ფასადს. გრანდიოზული გახსნის აღსანიშნავად სპეციალურად მოწვეულმა მხატვრებმა შენობის მზესუმზირის ყვავილის ფერი სახურავი და კედლები პასტელის ფერებში გადაწყვეტილი ათასობით უზარმაზარი ბუშტით მორთეს. ეს ყველაფერი საღეჭი ბურთების აპარატს მოგაგონებთ. გამვლელები შენობის წინ სელფის იღებენ, მანქანები ჩერდება და მძღოლები კითხულობენ იმ კომპანიის სახელწოდებას, რომელიც შენობაშია განლაგებული.

კომპანია Bumble-ს 70 თანამშრომელი ჰყავს, მათგან დაახლოებით 85% ქალები არიან, მათ შორის – წამყვან პოზიციებზე (ცხადია, ანდრეევის გამოკლებით). კომპანიის ახალი ოფისიც ზუსტად ასახავს ამ განწყობას თავისი პოსტერებითა და ნეონის წარწერებით “შენ ხარ დედა ფუტკარი”. “იყავი ზუსტად ის CEO, რომელზეც შენი მშობლები ყოველთვის ოცნებობდნენ შენს გათხოვებას” და “გადადგი პირველი ნაბიჯი”.

სხვადასხვა ღონისძიებისას კომპანია სტუმრებს საჩუქრად ურიგებს კრემისფერ და ყვითელ სვიტერებს თაფლის ფიჭის ლოგოთი და წარწერით “Honey”.

“ვფიქრობ, რომ ეს აძლიერებს ქალებს და ისინიც ამაყობენ, რომ ამ საქმეს ემსახურებიან, – ამბობს ევანსი. – სულ სხვა ამბავია, როდესაც ქუჩაში დააბიჯებ მაისურით, რომელზეც “AdultFriendFinder” წარწერაა”.

ფუტკრის თემატიკა და Bumble-ის ყვითელი ფერი ახალი აპლიკაციის ეპიცენტრშია. თავად აპლიკაცია კი შემდეგნაირად მუშაობს: როდესაც საპირისპირო სქესის ორი იუზერი ერთმანეთის პროფილს მარჯვნივ გადასწევს, ხდება ე.წ. “დაწყვილება”, თუ ქალი თავად არ გაგზავნის პირველ შეტყობინებას პოტენციურ მეწყვილესთან, მაშინ ეს კავშირი გაბათილდება.

Bumble-ი თავისი კონკურენტებისაგან იმით განსხვავდება, რომ ქალებს აძლევს საშუალებას, თავად გახდნენ ურთიერთობის დაწყების ინიციატორები და ასევე თავაზიანობით, რადგან კრძალავს უცენზურო ფოტოების ატვირთვას, რომლებიც, მაგალითად, მამაკაცის გენიტალიებს ასახავს. ამგვარი ფოტოები ხშირია სხვა გაცნობის აპლიკაციებზე. გასულ წელს Bumble- მა აკრძალა მაისურის გარეშე სარკეში გადაღებული სელფი (რომელთაც მამაკაცები ხშირად დებენ თავიანთი პროფილის სურათად Tinder-ზე); ამგვარ სურათებს Bumble-ის მომხმარებლები ყველაზე ხშირად მარცხნივ, ანუ პირდაპირ ურნაში ყრიდნენ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ Bumble-ს ყველა სახის უსიამოვნო გამოცდილებისა და შეურაცხყოფის თავიდან აცილება შეუძლია, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს.

სხვა გაცნობის აპლიკაციებთან შედარებით თავისი უფრო კონტროლირებადი გარემოს წყალობით, Bumble-მა გასაოცარი დივიდენდები მიიღო. ასიათასობით ქალბატონმა თავის პროფილზე მიუთითა, რომ საიტზე არა მხოლოდ სიყვარულის საძიებლად დარეგისტრირდნენ, არამედ მათ მეგობრობა და კარიერაც აინტერესებდათ. სწორედ ამ მოთხოვნიდან გამომდინარე შეიქმნა დამატებითი პლატფორმა BFF (საუკეთესო მეგობარი), რომელიც ქალებს შორის პლატონური/მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ასევე პლატფორმა Bizz-ი. რომლის ოფიციალური წარდგენა ოქტომბერში, ნიუ-იორკის სასტუმრო Four Seasons-ში გამართული წვეულების დროს მოხდა. პლატფორმა Bizz-ი წარმოადგენს LinkedIn- ის ერთგვარ გამოწვევას და მომხმარებელს სთავაზობს იმავე “ჯერ-ქალები” ინტერფეისს, რომელსაც ასე შეეჩვივნენ Bumble-ის მომხმარებლები.

“ჩვენ შევძელით იმ სექსიზმისა და ინტიმური ურთიერთობის შეთავაზების შემცველი კონტენტის ამოღება ჩვენი აპლიკაციიდან, რომელიც ესოდენ გავრცელებულია გაცნობის აპლიკაციების ქსელში, – ამბობს ჰერდი. – ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შანსი”.

ჯერჯერობით ამ დამატებითი აპლიკაციების წარმატება საკმაოდ მოკრძალებულია. Bumble-ის აპლიკაცია BFF-ი სამ მილიონზე მეტმა იუზერმა გამოსცადა, თუმცა აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი ყოველთვიურად 500,000-ს არ სცილდება. Bumble-ის აპლიკაცია Bizz-ი ჯერჯერობით ძალზე ახალია და, შესაბამისად, რაიმე შეფასებების გაკეთება ნაადრევია, თუმცა მოკრძალებული წარმატებაც კი დიდი პოტენციალის მატარებელია, როდესაც შენი პროდუქტი დასაქმებული მოსახლეობის მხოლოდ ნახევარზეა მორგებული, კონკურენტი კი Tinder-ის აპლიკაციაა.

“სტარტაპების უმეტესობას არ შესწევს უნარი, რომ ახალი პროდუქტის გამოცდას ასეთი მასშტაბური სახე მისცეს, – ამბობს კონსულტანტი ევანსი. – მათ კი პირველივე დღეს შეუძლიათ თავიანთ ქსელში მილიონობით ადამიანის მიზიდვა”.

რასაკვირველია, არსებობს კიდევ ერთი გაცნობის სტარტაპი, რომელსაც ასეთივე მასშტაბი აქვს და საკმარისი მომხმარებელი როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის, რისი წყალობითაც მათაც შეუძლიათ ასეთივე სფეროებში ბედის ცდა. Tinder-ის თანადამფუძნებელი შონ რედი, რომელიც Swipe Ventures-ის მიერ წარმოებულ შერწყმებსა და შესყიდვებზეა პასუხისმგებელი, უარს აცხადებს რაიმე კომენტარის გაკეთებაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (ისევე როგორც მატინი). მაგრამ აშკარაა, რომ კომპანია დიდი ყურადღებით აკვირდება Bumble-ის ყოველ ნაბიჯს: გასულ წელს Tinder-მა ინვესტიცია განახორციელა ახალი პლატონური ურთიერთობების დამატებითი აპლიკაციის შესაქმნელად სახელწოდებით Hey! Vina – ეს არის სწრაფად მზარდი ქსელი, რომელიც ხელს უწყობს ქალებს შორის მეგობრობას.

Tinder-ის მშობელი კომპანია Match Group-ი, რომელიც გაცნობის აპლიკაციების სფეროში ყველაზე მსხვილი მოთამაშეა ამერიკაში, ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა Bumble-ის მიმართ. საჯაროდ მოვაჭრე კამპანია, რომელიც Tinder-ის გარდა ასევე Match.com-ს, OkCupid-ს, PlentyOfFish-ს და კიდევ სხვა გაცნობის საიტებს ფლობს, აშკარად მოწადინებულია თავის სიას Bumble-იც შემატოს.

“იცით რა, Match-ს უბრალოდ გაუმართლა, რადგან ეს ჯგუფი 45 სხვადასხვა ბრენდს ფლობს, – ამბობს გლობალური საინვესტიციო ფირმა Jefferies-ის ექსპერტი გაცნობის აპლიკაციების სექტორში ბრენტ თილი. – თუმცა ერთი კონკრეტული ბრენდი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიქცია, კვლავაც არ არის მათ მფლობელობაში”.

ჰერდი უარს აცხადებს რაიმე კომენტარის გაკეთებაზე კომპანიის საკონტროლო პაკეტის შესყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით, თუმცა Tinder-ის მშობელი კომპანიისთვის წილის მიყიდვა და კომპანია Bumble-ის იმავე კორპორაციული ქოლგის ქვეშ მოქცევა უდავოდ იქნებოდა ერთგვარი პოეტური ეპილოგი იმ სიმახინჯისა, რომელიც 2014 წელს მოხდა. კომპანიის მთავარ ოფისში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰოლივუდის წამყვანი საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც განიხილავენ ჰერდის შესახებ ისტორიის ეკრანზე გადატანას. ჰერდი ღიმილით აღიარებს, რომ ეს მართლაც კარგი სცენარი შეიძლება იყოს ფილმისათვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *