ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის არმია NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის პირველ ორ პარტიას ნოემბრის დასაწყისში მიიღებს.
„ამჟამად უკრაინელებს ყველაზე მეტად ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერება სჭირდებათ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
საინტერესოა, რომ 25 ოქტომბერს, NASAMS-ების მწარმოებელი კომპანიის, Raytheon-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სამხედრო კონტრაქტორმა ჰსთ სისტემების ბატარეები აშშ-ის მთავრობას უკვე გადასცა.
ცნობისათვის, NASAMS-ი საკუთარ სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემაა. Raytheon-ისა და Kongsberg-ის პარტნიორობით წარმოებულ სისტემას სამიზნის აღმოჩენა და განადგურება ძალიან ეფექტიანად შეუძლია. სისტემა გამოიყენება როგორც სამხედრო თვითმფრინავების, ისე უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გასანეიტრალებლად.