უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების შემუშავების ბრძანება გასცა. 4 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში მან თქვა, რომ უკრაინის ოფიციალურ პირებს სანქციების მომზადება უკვე დაევალათ.
„ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივ პასუხს და ვმუშაობთ ევროპელ და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
უკრაინამ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობრივი ქმედებები დაგმო, ზელენსკიმ კი ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ უბიძგებს“.
„ნამდვილად სამარცხვინოა, თუ რა ქმედებებს მიმართავენ ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. და როცა მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას აქებს, აშკარად ჩანს, ვისთვის მუშაობენ ისინი ახლა თბილისში და ვისთვის არბევენ საპროტესტო აქციებს. ნამდვილად არა საქართველოსთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.