უკრაინის საერთაშორისო ობლიგაციების მფლობელებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის მოთხოვნას, თითქმის $20-მილიარდიანი ვალის 2-წლიანი გაყინვის შესახებ. კრედიტორების გადაწყვეტილება ომში მყოფ უკრაინას საგარეო ვალის დეფოლტის თავიდან აცილებაში დაეხმარება.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვინაიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები არ ჩანს, კრედიტორები კიევის წინადადების მიღებაზე შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, გაყინვის გადაწყვეტილება ქვეყნის საერთაშორისო ობლიგაციების მფლობელთა თითქმის 75%-მა მიიღო. უკრაინის პრემიერ დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა გადასახადებზე თითქმის $6 მილიარდის დაზოგვას შეძლებს, რაც ქვეყანას მიკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ეკონომიკის მდგრადობისა და არმიის გაძლიერებაში დაეხმარება.
რესტრუქტურიზაციის პროცესის მხარდამჭერებს შორის არიან უკრაინის მთავარი მოკავშირეები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ვინაიდან ქვეყანას ამ ეტაპისთვის ფულადი სახსრები სჭირდება ყველაფრისთვის, დაწყებული პენსიების გადახდიდან, დასრულებული რუსული აგრესიისგან თავდაცვით. უკრაინის დავალიანების უმსხვილეს მფლობელებს შორისაა BlackRock Inc-ი, Fidelity International-ი, Amia Capital-ი და Gemsstock Ltd-ი.
ცნობისთვის, უკრაინისთვის ვალის დაფარვის ვადების გადაწევაზე ორმხრივი კრედიტორებიც შეთანხმდნენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და იაპონია. ხოლო „პარიზის კლუბის“ მთავრობებმა გადახდები 2023 წლის ბოლომდე შეაჩერეს. უკრაინის საერთაშორისო რეზერვები მარტის $28.1 მილიარდიდან, ივლისის ბოლოს $22.4 მილიარდამდე შემცირდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი, მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკას 45%-ით შემცირება ემუქრება.