თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა. მინისტრის განცხადებით, პორტიდან სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი, Razoni გავიდა და ის ლიბანისკენ მიემართება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, Razoni-ის 26,000 ტონა სიმინდი გადააქვს. თურქეთის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, გემს სტამბოლში სამშაბათს ელოდებიან. თურქი მესაზღვრეები გემს ბოსფორის სრუტეში გატარებამდე გულდასმით შეამოწმებენ.
შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის სამმხრივი შეთანხმება უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. შეთანხმების ფასილიტატორი და ინიციატორი კი თურქეთი გახლავთ. შესაბამისად, უკრაინული პორტებიდან გამოსულ მარცვლეულს ინსპექტირებასაც სწორედ თურქეთი გაუწევს.
ცნობისათვის, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინული პორტები ბლოკადაში მოაქცია. შესაბამისად, ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი ამ დრომდე შეჩერებული იყო. უკრაინა კი მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური ექსპორტიორია. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთისაგან უკრაინული პორტებისათვის ბლოკადის მოხსნას თვეებია ითხოვს. ამ მიზნით დასავლურმა სახელმწიფოებმა უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღებაც გადასცა.
თუმცა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის პორტიდან გასვლა ომის დაწყებიდან მხოლოდ 5 თვის შემდეგ თურქეთის შუამავლობით მოხერხდა.