თუკი რუსეთ-უკრაინის ომი დიდხანს გაგრძელდება, უკრაინელების 90% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება, ხოლო ქვეყნის მიერ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული განვითარების შედეგები საფრთხის წინაშე დადგება, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ. გაეროს შეფასებით, გრძელვადიანი ომი „მომავალ თაობებს ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ იარას დაუტოვებს“.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის შეფასებით, ომის შედეგად დიდი ზიანი მიადგა უკრაინის ინფრასტრუქტურას – მათი დათვლებით, ზარალი $100 მილიარდს გადაცდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, მსგავსი პროგნოზი VOX Ukraine-მა გაავრცელა – გამოცემის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 28% აღმოჩნდება, ხოლო ამ საფრთხის წინაშე – 62.5%. საინტერესოა, რომ ომამდე, გაეროს ინფორმაციით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ უკრაინის მოსახლეობის 2% იმყოფებოდა, ხოლო 43.4% – ამ რისკის წინაშე იდგა. ცნობისთვის გეტყვით, რომ გაეროს მონაცემებით, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი დღეში $5.5-ს უდრის.