უორენ ბაფეტის კონგლომერატი, Berkshire Hathaway, ტექნოლოგიური სექტორის მიღმა პირველი საჯაროდ დალისტული ამერიკული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $1-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, Berkshire-ის ღირებულება $1.001 ტრილიონს უტოლდება.
ბაფეტმა, რომელიც პარასკევს 94 წლის ხდება, მიმდინარე წელს აქციები რამდენიმე კომპანიაში გაყიდა. მათ შორის იყო Apple-ში აქციათა ნახევარი, რომლის საშუალებითაც მილიარდერმა Berkshire-ისთვის დიდი მოგება გამოიმუშავა. მიღებული თანხა ბაფეტმა ნაღდ ფულსა და მოკლევადიან ხაზინაში გადაიტანა.
ამის მიუხედავად, Apple-ი კვლავ Berkshire-ის პორტფელში უმსხვილეს აქციად რჩება. წლის დასაწყისში, Apple-ში ბაფეტის კონგლომერატის წილის ღირებულება $174.3 მილიარდს უტოლდებოდა, ახლა კი $84.2-მილიარდამდეა შემცირებული. ივლისის შემდეგ, 8.8%-ით შეამცირა კომპანიამ წილი Bank of America-შიც.
პარალელურად, აქციონერთა ინვესტირებით, Berkshire-ის შეფასება მიმდინარე წელს $200 მილიარდზე მეტით გაიზარდა. იანვრის დასაწყისიდან, თითქმის 30%-ით გაიზარდა A-კლასის აქციების ღირებულებაც. ოთხშაბათის მდგომარეობით, A-კლასის აქციების ფასი $696,502-ს აღწევდა.
რაც შეეხება ბაფეტს, ამერიკელი ინვესტორი Forbes-ის შეფასებით, $146 მილიარდის ქონებას ფლობს და მსოფლიოში რიგით მე-6 უმდიდრესი ადამიანია. ბაფეტის Berkshire-თან ერთად, $1-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებში ასევე შედის: Apple ($3.443 ტრილიონი), Nvidia ($3.089 ტრილიონი), Microsoft-ი ($3.052 ტრილიონი), Alphabet-ი ($2.013 ტრილიონი), Amazon-ი ($1.792 ტრილიონი), Saudi Aramco ($1.786 ტრილიონი) და Meta ($1.307 ტრილიონი).