ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის ჰოლდინგმა Berkshire Hathaway-მ ნავთობკომპანია Occidental Petroleum-ში აქციები 25%-მდე გაზარდა.
კონგლომერატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან, 26 ივნისიდან 28 ივნისამდე, Occidental Petroleum-ის 2.14 მილიონ აქციაში 122.1 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. შეგახსენებთ, Berkshire Hathaway-მ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ნავთობკომპანიის დაახლოებით 4.66 მილიონი აქცია შეიძინა.
ბაფეტის ჰოლდინგმა ჰიუსტონში დაფუძნებული Occidental-ის აქციების შესყიდვა გასული წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ნავთობის ფასები გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ Berkshire-ი ასევე ფლობს Occidental-ის 9.5 მილიარდი აშშ დოლარის პრივილეგირებულ აქციებს, რომლებსაც 8%-იანი დივიდენდი აქვს. გარდა ამისა, მას Occidental-ის კიდევ 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციების შეძენის შესაძლებლობა აქვს, თითოს 59.62 აშშ დოლარად. ბაფეტის კომპანიამ პრივილეგირებული აქციები და ეს შესაძლებლობა 2019 წელს მიიღო, როდესაც Occidental-ს Anadarko Petroleum Corp-ის შესყიდვაში დაეხმარა.
6 მაისს ომაჰაში, ნებრასკაში, აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე უორენ ბაფეტმა Occidental-ის მენეჯმენტი შეაქო, თუმცა იქვე განაცხადა, რომ მისი ჰოლდინგი ნავთობკომპანიის შესყიდვას არ გეგმავს.